გურამ ბენაშვილი – “ვეფხისტყაოსნის” ანალიტიკური წიაღსვლები

გურამ ბენაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში შოთა  რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, სულხან-საბა ორბელიანის  უნივერსიტეტის კათედრის გამგე,  შვედეთის სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტის მთავარი ექსპერტი იყო საქართველოში ლიტერატურის დარგში.

“ვეფხისტყაოსნის” ანალიტიკური წიაღსვლები

     „ვეფხისტყაოსანი“ შუასაუკუნეების სოციო-კულტურულ ლანდშაფტში ფესვგადგმული, უფართოესი ონტოლოგიური ცნობიერებით აღბეჭდილი და რომანტიკული, სენტიმენტალური თუ სურეალისტური პარადიგმებით მოდელირებული ქმნილებაა… იგი ოდენ ზეგალანტური გრაციოზულობით წარმოგვიდგენს დროისა და ყოფიერების უნივერსალური აღქმის ჰიპერტექსტუალურ დეფინიციებს…

ერთის შეხედვით იგი თითქოს კატეგორიულად არც კი ემიჯნება წარსულისა თუ მისი თანამედროვეობის პრიორიტეტულ ესთეტიკურ კონცეფციებს… და მაინც, ტრადიციის ჰიპოტეტურ ერთგულებასთან ერთად, ის არსებითად სხვაა, ნოვაციური პოეტიკითა და სააზროვნო პრინციპებით აღბეჭდილი…

თემატური არეალი და მისი ანალიტიკური სიმძაფრე, მრავალპლანიანი ფაბულის დინამიკა და ვულგარიზმისგან სრულიად თავისუფალი ფრაზეოლოგია, აქ ჭეშმარიტად ჰერალდიკური კონსტრუქციებითაა წარმოდგენილი…

„ვეფხისტყაოსანი“ უპირველესად სიტყვის, როგორც საკრალური დომინანტის გაბრწყინებაა, მისით ფუფუნება და აპოთეოზია…

ტრადიციული პოეტიკის წიაღიდან თავდახსნილი, მხოლოდ საკუთრი თვითშემეცნებითა და ენის კონცეპტუალური აღქმით აღწევს იგი ჭეშმარიტებათა განხატების მისტერიალურ „ექსტაზს“… არაცნობიერსა და ცნობიერს შორის არსებული დისტანციის გენიალურ მისტიფიკაციას…

მან შექმნა წინარერენესანსული ტიპის კულტურული პანორამა, თავისი ეპოქალური სტილით, რეალობის სუბსტანციური აღქმითა თუ ანალიტიკით, სისტემური და მყარი იდეურ-ესთეტიკური „არქიტექტურით“, ახლის ძიებისა და წვდომის პერმანენტული ძალთახმევით…

სიმპტომურია, რომ პოემის ნარატივში ეპოსტოლარული დისკურსის ჩანაცვლებამ, დასაბამი მისცა ცალკეულ ფსიქოლოგიურ პარადიგმათა პრევალირების იმპულსს და ამით კიდევ უფრო გააღრმავა ტექსტუალური „ქსოვილის“ სემანტიკური არეალი…

არსებითია ისიც, რომ „ვეფხისტყაოსანი“ რეალობის აქსიომატური ჩარჩოებიდან „ამოზიდული“ ჟამის გენიალური „მეტაფორაა“…

ანტიკური ძლევამოსილი ადამიანის იდეალისა და სულიერად ამაღლებული ქრისტიანობის სინერგიამ, ამ პოემაში „შვა“ ჰარმონიული, მყარი იდენტობით აღბეჭდილი, მოქმედ და მოაზროვნე პროტაგონისტთა გალერეა, რომელთა სიცოცხლის უმთავრესი კრედოა –

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან“, და კიდევ: – „არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა“…

„ვეფხისტყაოსანი“, როგორც ეპიკური ნარატივი, როგორც ეროვნული სულიერების ჰეგემონი და განუმეორებელი ეპოქის შთამაგონებელი სიმბოლო, სიცოცხლის ვნებით „შეპყრობილი“ მომავლის ადამიანებითაა გასხივოსნებული…

ამ ჭეშმარიტი წიგნთა-წიგნის „ქმნას“ ოდენ თითქოს მარადისობამ „შეაშველა ხელი“… შეაშველა, ვითარცა ერის „გაზაფხულის“ მაცნესა და რეპრეზენტატორს…

ზნეობრივი მსოფლმხედველობის სიღრმითა და მხატვრულ სახეთა სიცხოველითაცაა იგი სრულიად უნიკალური…

მის მონუმენტურ აქტორთათვის სიყვარული, ვითარცა ხვთაებრივ სათნოებათა მატრიცა-ნეტარებაა მშვენიერებაში… ისინი სიყვარულით ანთებულნი ეტრფიან მშვენიერს და სრულად შეიმეცნებენ მის უსაზღვროებას…

რუსთაველი, ვითარცა შემოქმედი „ჰქმნის“ ტყვედქმნილ სატრფოსა და მისთვის ტანჯულსა და თავშეწირულ, ველად გაჭრილ რაინდ მოტრფიალეს, რათა ჰპოვოს მხოლოდ მისთვის შობილ სიყვარულის წართმეული სიტკბოებანი…

ტარიელი ე.წ. ვნებული „დიონისოა“, რომელიც თვით სიყვარულისათვის სიკვდილში ეძიებს ნეტარებას… იგი მიზნისკენ მიმსწრაფი ნებაყოფლობითი მსხვერპლია და მასში ღვივის გონით გაუნათებელ ვნებათა სტიქიონი…

„მხოლოდ“ ასე უყვარს ტარიელს ნესტანი…

თუმცა პოემაში გაიბრწყინებს სხვაგვარი სიყვარულიც…

კერძოდ „რეპრეზენტატული“ სიყვარული ავთანდილისა და თინათინისა.. ერთობ საგულისხმოა, რომ რუსთაველმა სიყვარული თავშეწირული მეგობრობის ინსპირაციად აქცია…

ამ კონტექსტში წარმოჩინდება პოემის ორი პროტაგონისტის განსხვავებული იდენტობა თუ ფსიქოტიპი…

თუ ტარიელი დიონისური ინსტინქტებითაა ზეაღმატებული, ავთანდილი აპოლონურია თავისი არსითა და სუბსტანციით… იგი ფორმას ანიჭებს ტარიელის უშმაგეს ვნებებს… თვალხილულად გარდაქმნის მის სტიქიონს…

ავთანდილი ჭეშმარიტი მოაზროვნეა, რომელმაც კარგად იცის წარმავალი სოფლისა და წარუვალი განგების შეუთავსებლობის დრამატიზმი… მის „ანდერძში“ რუსთაველმა სრულად წარმოსახა თავისი ღრმადშთამაგონებელი მსოფლმხედველობა…

პოემის ავტორი იმ ერთეულთა შორისაა, ვინც თავისი ქმნილებით ანსახიერებს ადამიანური სულის უნივერსალურ განფენილობებს… მისი თავისუფალი ნების გამომხატველ იმპულსებს…

პოეტური აზროვნების ჭეშმარიტი გიგანტი, იგი მთელის სისავსით შეისრუტავს ეპოქათა კონცეპტუალურ ღირებულებრივ პრიორიტეტებსა და ინტენციებს, წინ უსწრებს დროის სულიერსა თუ ინტელექტუალურ ყოფიერებას და მომავალს ანდობს საკუთარ ეგზისტენციურ რეფლექსიათა აღქმა-შემეცნების პრივილეგიებს…

ადამიანის კონცეფცია და მასთან დაკავშირებული ტოპოსები, პოემაში აღიქმება, როგორც ლირო-ეპიკური დისკურსის რომანტიკული ლაიტმოტივიცა და გამძაფრებული ავანსცენის მოტივაციათა ინპირაციაც…

ესქატოლოგიურ თუ ანთროპოსოფიურ მედიტაციათა ანარეკლები, ღრმა და ვრცელი კონტექსტებით წარმოაჩენენ პოემის ფილოსოფიური ენერგიით გაჯერებულ ტექსტს… უძველესი კულტურულ-რელიგიური წარსულის ინტერტექსტუალური ასოციაციები ორგანულად ერწყმიან ნარატივის მხატვრულ იდეოლოგიასა თუ ამაღლებულ ინტონაციებს…

პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ მოტივაციათა თვით „ნეგატიური“ იმპულსებიც კი ბუნებრივი ძალმოსილებით არიან რედუცირებულნი…

რუსთაველის ანალიტიკურმა წარმოსახვამ შექმნა ეპოქის ენციკლოპედიურად არგუმენტირებული, ხოლო პლასტიკურად იგავმიუწვდომელი, ჟესტ-მიმიკის გალანტური აქცენტებით, დრამატიზმითა და ჰუმანიზმით აღბეჭდილი კოლოსალური „პანორამა“…

შექმნა რაციონალურ თუ მისტიურ, ჰეროიკულ თუ ინფერნალურ გრადაციათა „ლანდშაფტი“ და ამით სათავე დაუდო სინამდვილის მხატვრულ-ფილოსოფიური შემეცნების სრულიად ახალ, დრო-სივრცულ დიქტატისაგან შეუზღუდავ რენესანსულ უნივერსალიზმს…

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ჩვენი კოლოსალური კულტურული ტრადიციებისთვის ორგანულ, მულტიკულტურული უნივერსალიზმით ძალმოსილ შემოქმედებით ცნობიერებას ხელეწიფებოდა იმ ეროვნული გენიის გამომხატველ მატრიცად ქცევა, რომელიც ამაყად დაუპირისპირდებოდა ისტორიული ჟამთასვლის ნიადაგ აგრესიულ, გაბოროტებულ ქაოსს და მაღალადამიანურ იდეალებსა და ღირებულებებს დაიცავდა მოძალებულ სასტიკ უმეცრებათა ხელყოფისგან…

„ვეფხისტყაოსანია“ ამ რეფლექსიათა ბრწყინვალე ილუსტრაცია… ეს არის ქმნილება, რომელიც უმაღლეს ესთეტიკურ ტკბობასთან ერთად, ადამიანში „სძერწავს“ პოზიტიური იდენტობის უძლიერეს ინსტინქტებს, მის ინტელექტუალურსა თუ მორალურ „ანატომიას“…

პოემის პოლიფონიურ დისკურსთა სრულყოფილი აღქმა, ჩვენს არსებობაში აცოცხლებს და რელიეფურად წარმოაჩენს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ვნებასა თუ ეგზისტენციური ქაოსის წინაშე მდგარი ადამიანის პრივატულ იერსახეს…

„გვაიძულებს“ თანამონაწილეობას და ყოფნას არა „გარეთ“, არამედ „შიგნით“, ბრწყინვალედ „აღნაგ“ მხატვრული რეალობის „სიმხურვალეში“, შორეული წარსულის ფრესკული იდუმალების იმ შთამაგონებელ წიაღში, რომელიც გათავისუფლებს აწმყო დროისა და სივრცის ბრუტალური ინერციისგან… ანუ გამოგცდის და გამოწვევების წინაშე გაყენებს…

ის ჩვენთვის სულის რომანტიკული თავისუფლების სიმბოლოა…

დღეს, სულიერი კულტურის „გლობალური გამყინვარების“ მიუხედავად, იმედია შთამომავლობა კვლავ და კვლავ თაყვანისცემით იმსჭვალება ამ საკრალური ქმნილების მიმართ…

კადნიერებად არ ჩამომერთმევა ალბათ, თუ ვიტყვი, რომ თანამედროვეთათვის ადვილი აღარ არის რუსთაველის პოემის სრულყოფილი აღქმა, რამეთუ ჩვენ მისგან გვყოფს გრანდიოზული დრო, კულტურათა სხვაობა, წარმოდგენები და გემოვნებანი…

მიუხედავად ამისა, ჩვენი წმინდა „ვალია“ გონებით „დავიხარჯოთ“ და თუნდაც „მძიმე ტანჯვით“ შევაღწიოთ ქართველთა ამ სიბრძნისა და სათნოების უპირველეს „ტაძარში“, პიროვნული კათარზისის ამ ჭეშმარიტ საუფლოში, რათა ვიხილოთ, ვიგრძნოთ და შევიმეცნოთ ადამიანური სიცოცხლის საზრისი… სიყვარულის, მეგობრობის, პატრიოტიზმისა და მორალურ პიროვნებად ქცევის უალტერნატივო კანონზომიერებანი…

შოთა რუსთაველი, როგორც არა მხოლოდ გენიალური ჟამთააღმწერელი, არამედ ერის პერმანენტული მორალურ-ინტელექტუალური „დეტონატორი“, ერად და ქვეყნად ყოფნის ერთი ფუძეთაგანი, სულიერი აღორძინების მარადიული გარანტი…

ასეთია ამ ტიტანური ქმნილებიდან ჩემში აღძრული ანალიტიკური წიაღსვლები… კონვენციურ ჩარჩოებს განრიდებულ ფიქრთა არითმიული და არანორმირებული მდინარება…

P.S.

საგულისხმო და სამწუხაროა, რომ დგება ხოლმე ჟამი ულტრათანამედროვეთა სულიერების ტოტალური ინერტულობისა, რომელიც აჩლუნგებს არა მხოლოდ შემოქმედებითი ღწვის ვნებებს, არამედ აკნინებს მაღალ მხატვრულ ღირებულებათა შემეცნებისა თუ დაგემოვნების უნარსა და თვით სურვილსაც კი…

   „თუნდაც მხოლოდ ერთი დღით იყავით არაულტრათანამედროვენი, რათა იგრძნოთ, რაოდენ მარადისობას ატარებთ თქვენში და რა შთამაგონებელია მისი უკვდავი გამოძახილი“…

რილკეს ამ ნოსტალგოურ ვიზიონში ფოკუსირდება დროთა კავშირის საკრალური მნიშვნელობა და წარსულის სულიერი გამოცდილების ორგანიული აღქმის ის მარადცოცხალი იდეა, რომლის გარეშეც სრული ნონსენსია სწრაფვა ახალი მხატვრული რეალობებისა თუ სულიერი უნივერსალიზმისკენ…

რამეთუ სწორედ მათგან იღებს დასაბამს ეროვნული შემოქმედებითი ღწვის მონუმენტური კულტურაცა და კლასიკური მსოფლგანცდის უსაზღვრო ჰორიზონტებიც…

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.