დავით კენჭაძე: აჭარაში ყველაზე მეტი უძრავი ქონება იყიდეს რუსებმა, სწორედ ეს რეგიონია განსაკუთრებული რისკის ქვეშ

არის გარკვეული მოლოდინები, რომ რუსებმა აღარ იყიდონ უძრავი ქონება საქართველოში იმიტომ, რომ რუსეთის ტელეარხებზე აქტიური პროპაგანდა მიდის საქართველოს წინააღმდეგ, ამბობენ, რომ საშიშია რუსებისთვის აქ ჩამოსვლა და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდის განმავლობაში აჭარის რეგიონში ყველაზე მეტი უძრავი ქონება იყიდეს რუსებმა, სწორედ ეს რეგიონია განსაკუთრებული რისკის ქვეშ. — ასე აფასებს საქართველო-რუსეთს შორის ბოლო პერიოდში გამწვავებული ურთიერთობების მოსალოდნელ შედეგებს უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია DK  Capital-ის გენერალური დირექტორი დავით კენჭაძე.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2012-2016 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 18 ათასი ობიექტი შეიძინეს. თუმცა, ბოლო წლებში ეს ციფრი გაიზარდა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს უცხოელებზე გაყიდული საცხოვრებელი ბინების 53% სწორედ რუსებზე მოდიოდა.

დავით კენჭაძე მიიჩნევს, რომ უძრავ ქონებაში მეტი ინვესტიციებისა და გაყიდვების ტემპის შესანარჩუნებლად საჭიროა იპოთეკური სესხების რეგულაციების შერბილება და საცხოვრებელი ვიზის ნებართვების გაცემის პოლიტიკის გადახედვა, ამისთვის კი ყველაზე მისაღები ბაზარი უკრაინა შეიძლება იყოს.

მე ვფიქრობ, პირველი რაც არის გასაკეთებელი ესაა სესხების საკითხი, იპოთეკური სესხების რეგულაციების შერბილება იმიტომ, რომ ეს არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, მეორე საკითხია იჯარაზე საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, რომელიც უბიძგებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მეტი ინვესტიცია განახორციელონ ჩვენს ქვეყანაში, ასეა ყველა ისეთი ტიპის ქვეყანაში, რომელიც აქტიურად ეძებს ინვესტრებს უძრავი ქონების სფეროში.   შესაძლებელია ასევე საცხოვრებელი ვიზის ნებართვის გაცემის საკითხის გადახედვა, ეს პროცესი ახლა საკმაოდ გამკაცრებულია, შესაძლებელია ეს მოხდეს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელიც შეიძლება ჩვენთვის მისაღები იყოს, ამ კუთხით ყველაზე მისაღები შესაძლოა უკრაინა იყოს — აცხადებს დავით კენჭაძე კომერსანტთან საუბარში. 

მარიამ მორგოშია

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.