დათო ტურაშვილმა, ლაშა ბუღაძემ, ქეთი დევდარიანმა და ნესტან ნენე კვინიკაძემ “რუსთვი 2” დატოვეს

ლაშა ბუღაძემ, დათო ტურაშვილმა, ნესტან ნენე კვინიკაძემ და ქეთი დევდარიანმა, რომლებსაც “რუსთვი 2” -ის ეთერში „შაბათის შუადღე“ მიჰყავდათ, სამსახური დატოვეს. 

ამის შესახებ გადაცემის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, იმ მედიარეალობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოსთვის სამწუხარო რეალობად იქცა, “ლიტერატურული შაბათის” წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ დარჩნენ ტელევიზიაში.

“სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

წამყვანების განცხადებით, იმ ტელეკომპანიასთან, რომელიც ხელისუფლების ასეთი კურსისა და პოლიტიკის გამტარებელი იქნება, ისინი ვერ გააგრძელებენ თანამშრომლობას.

“ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, — აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ, მიშა სესიაშვილმა და კურიერის მთელმა გუნდმა სამუშაო ადგილები დატოვეს.

უკვე მეორე დღეა „კურიერი“ ეთერში არ გადის.  

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.