დამკვირვებელმა ჟურნალისტებს აჩვენა სიები, რომლებითაც “ოცნება” ამომრჩეველს აკონტროლებს (ვიდეო)

თავისუფალი ზონის წევრმა, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს აჩვენა სიები, რომლებითაც, მისი თქმით, მმართველი გუნდი ზუგდიდში ამომრჩეველს აკონტროლებს. 

“ამ ფურცელზეა ყველა მონაცემი, ვინ უნდა მოიყვანონ და რეკომენდატორები ყავთ სახელ-გვარებით მითითებული, იეროგლიფებით აქვთ აღნიშნული, ალბათ თვითონ უკეთ იციან. 

პლუსებით არის აღნიშნული, ვინ მოვიდა თავისიანი, ესენი უდევთ დაბლა, დგანან შიგნით, ეწევიან აგიტაციას. 

აქ კიდევ ერთხელ როგორი ჟარგონები წერია – ბირჟას აკონტროლებს მურმან კაკულია, ყველა მონაცემია აქ, მანქანის ნომრები”, – თქვა მან. 

ზუგდიდში მობილიზებული კოორდინატორები ტაბულამ დილითაც გადაიღო. 

ე.წ კოორდინატორები, რომლებიც საარჩევნო სიებით უბნებთან დგანან და არჩევნებზე მოსულ მოქალაქეებს აღრიცხავენ, საარჩევნო კოდექსს არ არღვევენ, თუმცა, ეუთომ თავის ანგარიშში, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა, ეს ფაქტები დაშინებად შეაფასა. 

“კენჭისყრის დღეს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილიამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნების ფაქტებმა გააძლიერა შეშფოთება ამომრჩეველთა პოტენციური დაშინების გამო”, – წერია ეუთოს ანგარიშში. 

ე.წ კოორდინატორები 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზეც მუშაობენ.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კოორდინატორებს მოუწოდა, მუშაობა გააგრძელონ, რადგან მათ ამის უფლება აქვთ. 

ზუგდიდში მერობისთვის სხვებთან ერთად ენმ-ის კანდიდატი, სანდრა რულოვსი და ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი შენგელია იბრძვიან. 

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.