დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი „კლანური მმართველობის” შესახებ რეზოლუციის პროექტს აქვეყნებს – მიმართვა პარტიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი „კლანური მმართველობის” შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტს აქვეყნებს და პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს შენიშვნებისა და მოსაზრებების სახით ინიციატივას შეუერთდნენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენლებმა კახა კოჟორიძემ და კახა წიქარიშვილმა განაცხადეს.

იურისტებმა 4-პუნქტიანი გეგმაც შეიმუშავეს.

„საქართველოს პარლამენტი, აცნობიერებს რა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედია, რომლის გარეშეც შეუძლებელია სამართლიანობის დამკვიდრება და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება; ითვალისწინებს რა, რომ 2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას და გადადგა ნაბიჯები ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, თუმცა, სასამართლოში ჩამოყალიბდა მოსამართლეთა ორგანიზებული ჯგუფი (მოსამართლეთა კლანი), რომელმაც ხელში ჩაიგდო სასამართლოს მართვის ბერკეტები და სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმებით უზრუნველყოფდა აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი სასამართლო სისტემის მორჩილებას და პოლიტიკური დავალებების შესრულებას.

ითვალისწინებს რა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას სამართლიანობის აღდგენა და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა წარმოადგენდა, რისთვისაც 2013-2016 წლებში ხელისუფლებამ შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი და დაიწყო სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებდა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ ცვლილებებმა შედეგად ვერ მოიტანა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაზრდა.

მოსამართლეთა კლანმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, კვლავ მოიპოვა ძალაუფლება სასამართლოში, ხელში ჩაიგდო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დაიწყო სასამართლო კორპუსიდან მოწინააღმდეგეების განდევნა და საკუთარი მომხრეების უვადოდ დანიშვნა;

აღიარებს რა, რომ სასამართლოში არსებული კრიზისულ მდგომარეობა დღემდე არასოდეს გამხდარა სათანადო პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების საგანი, რამაც არსებული კრიზისის გაღრმავება და სასამართლო რეფორმის ჩიხში შესვლა გამოიწვია. ითვალისწინებს რა, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა ძალაუფლება უვადოდ დააკომპლექტოს საერთო სასამართლოების სისტემა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით;

ითვალისწინებს რა, რომ 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა სათანადო კრიტერიუმების და გონივრული პროცედურების გარეშე შედგენილი 10 კაციანი სია, რომელმაც, როგორც მისი შექმნის პროცესის, ასევე, შინაარსის გამო, ფართო საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობის რღვევასა და პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზარდა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა, საქართველოს პარლამენტმა სიის განხილვა შეაჩერა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა მოითხოვა კლანის წევრების გადადგომა;

აღიარებს რა, რომ 2019 წლის წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა, ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო კრიტიკის, ვენეციის კომისიის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, აგრეთვე სხვა საერთაშორისო აქტორების მკვეთრად უარყოფითი შეფასების მიუხედავად, დაამტკიცა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც ფართო დისკრეციას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფარული კენჭისყრით დააკომპლექტოს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ითვალისწინებს რა, რომ კლანი და მისი ხელმძღვანელები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკური პროცესების მხარედ, აქტიურად მონაწილეობენ საჯარო პოლიტიკურ-საარჩევნო დებატებში და ძირს უთხრიან სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს;

ითვალისწინებს რა, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა ძირს უთხრის ჭეშმარიტ სამოსამართლო ღირებულებებს, მოსამართლეებში ნერგავს შიშს, კონფორმიზმს, ნეპოტიზმს, ფარული გარიგების კულტურას, დევნის კრიტიკულ აზრს და ინდივიდუალიზმს, შესაბამისად, მორალურად ანადგურებს სასამართლოს სისტემას და ამ ფერხულში ითრევს სასამართლოში შესულ ახალ კადრებს; ითვალისწინებს რა, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გამყარება ნიშნავს ხელისუფლებისადმი მორჩილი და მანკიერი სასამართლო სისტემის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და რომელიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. უარყოფითად შეფასდეს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა და მისი შედეგები;

2. პარლამენტის დადგენილებით შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია (ქვემოთ „კომისია“), რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები;

3. კომისიამ 2019 წლის 1 პირველ სექტემბრამდე შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით;

4. 2019 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირების მიზნით“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან: კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, სოსო ბარათაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ბესიკ ლოლაძე, ირაკლი კუპრაძე, ლევან თოთლაძე, ლაშა არველაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე და თამარ გეგელია.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.