დასაქმებული ღარიბები – რატომ არ იცვლება მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა?

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური და რთულად მოსაგვარებელი საკითხია, თუმცა უმუშევრობასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს დასაქმებული ადამიანების უცვლელი ფინანსური მდგომარეობის საკითხი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, დასაქმებული ადამიანების შრომითი ანაზღაურება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა „პირველთან“ საუბარში სპეციალისტები ამბობენ, რომ ცხოვრების რეალური სურათი განსხვავებულია და საპირისპიროს ამტკიცებს.

ექსპერტების თქმით, გამოქვეყნებული კვლევების და მონაცემების მიუხედავად, ამ კუთხით არსებული მდგომარეობა უცვლელი რჩება.

ისინი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრობენ და ლარის დაბალმსყიდველიანობით უნარზე აკეთებენ აქცენტს.

მათივე შეფასებით, მდგომარეობა საგანგაშოა და დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპით არის განპირობებული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “პირველი“ ეკონომიკის საკითხებში სპეციალისტებს ესაუბრა.

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ სტატისტიკის მიხედვით ხელფასები წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა რეალური სურათი არასახარბიელოა.

„ვთქვათ, შარშანწინ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 900 ლარი იყო, შარშანდელი მონაცემებით 940 ლარი გახდა, ისეთი სურათია იფიქრებთ, რომ მოსახლეობა უფრო მეტს შოულობს, მაგრამ რეალურად ქვეყანასა და ეკონომიკაში მხოლოდ ცალკეული სექტორები არიან მაღალშემოსავლიანები, უმრავლესობას მაინც დაბალი შემოსავალი აქვს, არიან ისეთებიც ვისაც საშუალოზე დაბალი ხელფასი აქვს. შესაძლოა, საერთო სურათი იყოს ის, რომ 940 ლარის საშუალო ხელფასი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ მოსახლეობის 60%-70% მუშაობს 500 ლარზე ან ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებ შემოსავალზე“, – ამბობს ჭარაია.

როგორც სპეციალისტი ამბობს, ხელფასი ფორმალურად იზრდება და მასთან ერთად ლარის მსყიდველობითი უნარი მცირდება.

„წლებთან ერთად განახევრებულია ლარის მსყიდველობითი უნარი, ამ დროს ხელფასი მხოლოდ უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, რეალურად ცხოვრება წინ არ მიიწევს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ცხოვრების დონე არ უმჯობესდება. მონაცემი, რომელიც გვიჩვენებს, რომ გაზრდილია ხელფასები, სინამდვილეში არ ასახავს მოსახლეობის უმეტესობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მაგალითად, საფინანსო სექტორში, ხელფასების მაღალი მატება ძირითადად არის ტოპ-მენეჯმენტში“, – ამბობს ჭარაია.

მისივე თქმით, დასაქმებულების ხელფასი საშუალოსაც ვერ უტოლდება.

„რეალურად ფასები ყველაფერზე იზრდება, სოფლის მეურნეობაში პრობლემები დღითიდღე მატულობს, ამ დროს კი ადამიანებს დასაქმებულად მივიჩნევთ, მათი რეალური შემოსავალი კი რამდენიმე ათეული ლარია თვეში, ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენა, არიან მდიდრები და ღარიბები“, – აღნიშნა ჭარაიამ.

ექსპერტ აკაკი ცომაიას შეფასებით კი, ქვეყანაში შემოსავლის დაბალი მაჩვენელი ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპით არის გამოწვეული.

„ეკონომიკური ზრდის ტემპი არ არის საკმარისი, ძალიან დაბალია და სწორედ ამით არის ეს გამოწვეული. შესაბამისად, ამიტომაც გვაქვს ის ვითარება, რაც გვაქვს“, – აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

საკითხზე საუბრობს ექსპერტი სოსო არჩვაძე.

„ვინც დასაქმებულია იმათი ხელფასები იზრდება, ვერ ვიტყვით, რომ არ იზრდება. ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა ამას ამბობს და ზრდის ტენდენციას აქვეყნებს, მაგრამ პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხელფასის მიმღებთა კონტინგენტი არის მცირე. ახლა მაგალითად, ჩვენ გვყავს თითქმის სამჯერ ნაკლები დასაქმებული ვიდრე 80-იანი წლების ბოლოს. კარგია თუ ცუდი ყველაფერი ხელისუფლებას ბრალდება და არის ამაში ლოგიკა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და შექმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია არის ბიზნესის და სამეწარმეო გარემოს შექმნა ქვეყანაში“, – აღნიშნა არჩვაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, წლების მიხედვით საქართველოში ხელფასები იზრდება.

2006 წელს საშუალო ხელფასი 277 ლარი იყო, 2007 წელს – 368 ლარი, 2008 წელს – 534, 2009 წელს-556, 2010 წელს- 597, 2011 წელს- 636, 2012 წელს- 712, 2013 წელს- 773, 2014 წელს- 818, 2015 წელს-900 ლარი, 2016 წელს- 940 ლარი.

ავტორი: თაკო მაქაცარია

წყარო: pia.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.