დედამიწის ბუნებრივი გარემო კატასტროფული სისწრაფით მცირდება – გაეროს ანგარიში

პლანეტის სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, დედამიწის ბუნებრივი გარემო არა თანდათან, არამედ სწრაფად მცირდება. ბუნებრივი გარემოა მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები. თუ საგანგებო ზომებს არ მიიღებენ – ტყეების მასობრივი გაკაფვა, წყლების და მიწების ჭარბი ექსპლუატაცია, ჰაერის და წყლის დაბინძურება, ცოცხალი ორგანიზმების თანდათან განადგურება დრამატულ ცვლილებებს გამოიწვევს. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ახალი, 8 000-გვერდიანი გლობალური შეფასების ავტორები, რომელთაც შეაჯამეს დედამიწაზე შექმნილი სიტუაცია 2005 წლიდან 2018-ის ჩათვლით. ნაშრომზე 50 ქვეყნის 150-ზე მეტი მეცნიერი და დამატებით 250 ექსპერტი მუშაობდა. გლობალური შეფასება საბოლოო სახით მაისში გამოქვეყნდება. მისი პრეზენტაცია 6 მაისს, პარიზში იგეგმება.

“ცოცხალი ორგანიზმების, ეკოსისტემების და გენეტიკური მრავალფეროვნების განადგურება უკვე წარმოადგენს ადამიანის კარგად ყოფნისთვის, მთელი თაობისთვის შექმნილ, გლობალურ საფრთხეს. შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, გადამწყვეტი გამოწვევა იქნება ბუნების მიერ ადამიანისთვის ნაბოძები, შეუფასებელი სიმდიდრის დაცვა.

ნებისმიერი დონის კანონები, მცდელობები და ქმედებები წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საუკეთესო ცოდნაზე და მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული. სწორედ ეს არის ის, რასაც IPBES-ის გლობალური შეფასება უზრუნველყოფს,” – ამბობს სერ რობერტ უოტსონი, ორგანიზაციის თავმჯდომარე.

გლობალურ შეფასებაზე მეცნიერები 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს მთელი პლანეტის ეკოსისტემები, ანტარქტიკის გარდა, ხმელეთის და ღია ოკეანის წყლების ჩათვლით. ნაშრომი აერთიანებს 15 000-ზე მეტ წყაროს.

მეცნიერებმა გააანალიზეს პლანეტაზე ბოლო 50 წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები. საუბარია მაგალითად, ვაჭრობის და სხვა გლობალური პროცესების გავლენაზე პლანეტის ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოსისტემებზე; იმაზე, თუ რა ცვლილებები მოუტანა ადგილობრივმა კონკურენციამ გლობალურ მდგრად განვითარებას; ასევე, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატური ცვლილებები ინვაზიურ მწერებზე, წყლის და მიწის მოხმარებაზე, გარემოს დაბინძურებაზე…

ანგარიში აჯამებს პარიზის კლიმატის ცვლილებების, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, თუ სხვა საერთაშორისო შეთანხმებების მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ თუ ვერ მიღწეულ პროგრესს. ის ამავე დროს, ექსპერტთა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სახელმწიფოთა მთავრობებს წარუდგენს სარეკომენდაციო ქმედებების სიას, რომელიც ვითარების გაუმჯობესების მიზნით, რეგიონული და გლობალური მასშტაბით უნდა დაინერგოს.

დედამიწაზე მოსახლეობის ზრდასთან ერთად, სიმინდის და სხვა კულტურებისთვის განკუთვნილი საკულტივაციო მიწის ფართობი მომდევნო 30 წლის განმავლობაში 724 მილიონი ჰექტარით გაიზრდება – აცხადებს აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით, IPBES-ის აღმასრულებელი მდივანი ანნე ლარიგაუდერი. საუბარია თითქმის ავსტრალიის კონტინენტის ზომის ფართობზე.

“მთავარი კი აქ არის ის, თუ საიდან უნდა მოვიდეს ეს უზარმაზარი მოცულობის ახალი მიწა”? – თქვა ლარიგაუდერმა ეგვიპტეში ცოტა ხნის წინ გამართულ, გაეროს ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ბევრი მთავრობის სამინისტროთა წარმომადგენელი ესწრებოდა. “ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ნათელი უნდა მოეფინოს”. თუმცა, ლარი გაუდერის თქმით, ეჭვგარეშეა ის, რომ მიწაზე და ენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება და ამას ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

პლანეტაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ანალოგიური დასკვნა რამდენიმე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გამოიტანა. საგანგაშო იყო გაეროს ახალი ანგარიში, რომელიც თებერვალში გამოიცა.

“მიწის, მცენარეების, ხეების და იმ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება, რომლებიც მცენარეთა დამტვერვაში მონაწილეობენ, საფრთხის ქვეშ აყენებს დედამიწაზე საკვების შექმნის ბუნებრივ პროცესს,” – ნათქვამია გაეროს საკვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი გარემოს მოსპობის პროცესებს სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდით უზომო გატაცებაც უწყობს ხელს. განსაკუთრებული რისკია მოსახლეობის აჩქარებული ტემპით გამრავლებაც. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი შემდეგ 30 წელში თითქმის გაორმაგდება. მოსახლეობა კი იქ, იმავე პერიოდში, 20 პროცენტით, 1.2 მილიარდამდე გაიზრდება.

ასევე საინტერესოა ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ანგარიში, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 40 წლის განმავლობაში პლანეტაზე ველური სამყაროს 60 პროცენტი განადგურდა.

ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მსოფლიოს ლიდერებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდებს, რომელიც ველურ სამყაროს დაიცავს. ფონდის გენერალური დირექტორის მარკო ლამბერტინის თქმით, ხელშეკრულება სასწრაფოდ, ორი წლის ვადაში უნდა ამოქმედდეს, რომ პლანეტის ბინადრების გადარჩენა მოესწროს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.