დევიდ კრამერი: „საქართველო უფრო არის მზად NATO-ს წევრობისთვის, ვიდრე ალიანსის ზოგიერთი ამჟამინდელი წევრი“

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი „The Washington Post“-ში აქვეყნებს წერილს სათაურით “საქართველოში დასავლეთის მეგობრები უცბად კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ”, რომელშიც ქვეყნის როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს, ასევე იხსენებს თბილისის კონფერენციაზე 10 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს. 

„როცა მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში კონფერენციაზე გავემგზავრე, არ ველოდი თუ საქართველოში აშშ–ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის სამიზნე ვიქნებოდი. წლების განმავლობაში მე საქართველოსა და მისი  ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერი ვარ“, – ასე იწყებს წერილს კრამერი.

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, მართალია, ათწლეულების  განმავლობაში გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ, როგორც ევროპულმა ერმა დემოკრატიული განვითარების გზაზე დიდი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ სადღეისოდ ქვეყანაში პრორუსი ძალები მძლავრდებიან.

კრამერი ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს უფრო მეტად პოლარიზებულად აფასებს, რამდენიმე წლის წინ იყო.  „მმართველი პარტია „ ქართული ოცნების“ წევრები პირობას დებენ, რომ ოპოზიციას გაანადგურებენ“, – წერს კრამერი.

მკვლევარი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ  20–21 ივნისს განვითარებულ მოვლენებსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის თანამდებობიდან გადადგომას თითქმის სამი თვეა დემონსტრანტები ითხოვენ, მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის პრემიერ–მინისტრად დანიშნა. 

„გახარია უკიდურესად პოლარიზებული ფიგურაა. ერთ–ერთი ამის დამადასტურებელი ფაქტია, მისი გამოსვლა პარლამენტში, როდესაც ოპოზიციას პორდაპირ ამგვარად მიმართა: „მე თქვენ დაგასრულებთ!“. ამავდროულად, ძლიერდება დევნები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, წერს კრამერი და ამ კონტექსტში არსამთავრობო ორგანიზაციების მიერ „საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით“ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვას იხსენებს.  

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას,  კრამერის თქმით, საქართველო ამჟამად ბევრი ასპექტით NATO-ს ზოგიერთ ახლანდელ წევრ ქვეყანაზე მეტად იმსახურებს ალიანსის წევრობას. 

“საქართველოს სტაბილურად შეაქვს წვლილი აშშ-სა და NATO-ს ამა თუ იმ ოპერაციაში მსოფლიოს გარშემო და ერთ დროს NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან უცხოური ძალების ყველზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო ავღანეთში, სადაც მათ 32 ჯარისკაცი დაკარგეს. ბევრი ასპექტით, საქართველო უფრო არის მზად NATO-ს წევრობისთვის, ვიდრე ალიანსის ზოგიერთი ამჟამინდელი წევრი”, – წერს დევიდ კრამერი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.