დე ფაქტო უწყების მტკიცებით, საქართველოში რუსი დიპლომატის მკვლელი იმალება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 2017 წლის 25 დეკემბერს ქართული მხარისთვის გადაცემული გიორგი ლუკავას საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

როგორც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული აქცია „სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის თხოვნის შემადგენელი ნაწილია“.

„2008 წელს ქართული ჯარის შემოჭრის შედეგად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც შემდგომში საქართველომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მათ შორის სამუდამო. აფხაზურმა, ოსურმა და ქართულმა მხარეებმა პატიმრების გაცვლის შეთანხმებას მიაღწიეს.

გიორგი ლუკავა იმ პირთა სიაში იყო, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა, თუმცა მისი გადაცემა ქართული მხარისთვის იმ დროს შეჩერებული იყო. შემდგომში, ლუკავა და კიდევ ერთი პატიმარი გიუნაშვილი, რომელიც ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთმა გადასცა, გაცვალეს როლანდ ჟიბაზე. ჟიბა საქართველოში იმალებოდა, აფხაზეთში კი იგი კვიციანი ბ.-ს მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში იმალებიან პირები, რომლებმაც აფხაზეთში დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნიოვის მკვლელიც“.

„შესაძლებელია, ვინმეს არ აწყობდეს, რომ აფხაზეთისთვის იყვნენ გადაცემული ის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და საქართველოში იმალებიან, რომ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად აგონ პასუხი“, – აღნიშნავს დე ფაქტო საგარეო უწყება.

გარდა ამისა, დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ ქართული მხარისთვის იქნა გადაცემული ისეთი პირები, რომლებმაც „აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის დანაშაული ჩაიდინეს, ესენი არიან: გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვები. იმ დროს აღნიშნულ ფაქტს წინააღმდეგობა, ან გაუგებრობა არ გამოუწვევია იმ ადამიანებში, ვინც დღეს ვითარების დაძაბვას ცდილობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.