დღეს ვაჟა ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა!

დღეს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მწერლის ვაჟა-ფშაველას, ასევე ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მწერალ ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა.

ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს, ჩარგალში ( დუშეთის მუნიციპალიტეტში) დაიბადა. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები შვლის ნუკრის (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე. ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა. ის იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1992-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.1989 წლის14 აპრილს,სოფელ მატანში ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 101 წლისთავი აღნიშნეს. 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. მისი ცხედარი 23 ნომებბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200-ლარიანი კუპიურები, რომლებზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტია გამოსახული. მისი სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან ვაკეში.

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს.

ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.