ევროკავშირი დღეს ისე, როგორც არასდროს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას – მოგერინი

ევროკავშირი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციას ავრცელებს.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დღეს ისე,  როგორც არასდროს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, რუსეთის სამხედროების ყოფნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და იმ ვალდებულების უგულვებელყოფა, რომელიც თავად რუსეთმა აიღო 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით. ევროკავშირი კვლავ ჩართულია კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზე ევროკავშირის თანათავმჯდომარის მონაწილეობის გზით. ამავე დროს, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც“, –   ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სარგებელს მოუტანს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ინიციატივები სრულად შეესაბამება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელსაც ბრიუსელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ატარებს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის აგრესიიდან 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები, ასევე შეძლო ეკონომიკური წინსვლის მიღწევა და  ინვესტორებისთვის და ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდა.

„საქართველო ახლა წარმოადგენს დემოკრატიის მოდელს და მისაბაძ მაგალითს რეგიონისთვის“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველომ და ევროკავშირმა თანამშრომლობა გააღრმავეს. მათ შორის, გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, რაც მოიცავს ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებს განსაზღვრავს. ასევე, საუბარია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

„ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან არის ნამდვილი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია პოლიტიკურ ასოცირებაზე და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, ისევე, როგორც ჩვენს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.