ევროკავშირი საქართველოს 231 მილიონ ევრომდე დახმარებას გამოუყოფს

21 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებშიც ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას და დოკუმენტს, რომელიც საერთო ჯამში საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შემდეგ დოკუმენტსა და შეთანხმებებს:

  • უნარების განვითარების მხარდაჭერა;
  • ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში;
  • ხელი ასევე მოეწერება დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. შეხვედრაზე მოხდება ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა, იდენტიფიცირება.

ევროკომისიასთან განსახილველი თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიც არის: ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები, განათლება მეცნიერება, კულტურა და ინოვაციები, მართლმსაჯულება, შიდა უსაფრთხოება სამოქალაქო დაცვა.

შეხვედრას ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. შეხვედრაში მონაწილეობას, ასევე, მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები.

on.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.