ევროპა უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე “ზოგიერთ ქვეყანასთან” უკვე ოფიციალურად ალაპარაკდა

„საფრანგეთში 200%-ით, ასევე, 50%-ზე მეტადაა გაზრდილი პოლონეთში, შვედეთსა და იტალიაშიც საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა ნაკადი”

„საფრანგეთში 200%-ითაა გაზრდილი, ასევე 50%-ზე ბევრად მეტითაა გაზრდილი პოლონეთში, შვედეთსა და იტალიაშიც საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა ნაკადი. თუმცა, თუ კიდევ უფრო დრამატული არ გახდა სიტუაცია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ ველოდები.

“თვითონ ევროკავშირის ინტერესებში არ არის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ამ ეტაპზე, იმიტომ რომ, ეს იქნება ძალიან დიდი კრახი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის და ამას ძალიან ცუდი პოლიტიკური რეზონანსი ექნება,” – აცხადებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

უკვე თვეებია ევროკავშირში უფრო და უფრო მოხშირდა საუბრები იმაზე, რომ შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს და მიზეზი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რიცხვია.

„იმ შემთხვევაში თუ პროცესი გაგრძელდება, ევროკავშირმა შესაძლოა, ცალკეულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს” – ამჯერად განცხადება ევროკავშირის შს და მიგრაციის კომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა გააკეთა.

ევროკომისარმა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ პრივილეგიის დაცვა მათი პასუხისმგებლობაა. ავრამოპოლუსმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი უკიდურესი ზომებისთვის თავის არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მართალია, ევროკომისარმა პრობლემურად დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები დაასახელა და თქვა, რომ შესაძლოა მათთვის შეჩერდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, თუმცა, რიგ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი ძალიან გაზრდილია და გარკვეული პრობლემების წინაშე საქართველოც დგას.

გაზაფხულზე საგარეო საქმეთა მინისტრმაც და იუსტიციის მინისტრმაც გააკეთეს განცხადებები, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა და თბილისი ყველაფერს აკეთებს, რათა „თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი გართულება, მათ შორის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება”.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველომ „შეჩერების მექანიზმის” შესაძლო ამოქმედებაზე პირველი გაფრთხილება ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე.

გასულ წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდაზე პრეტენზია პირველად გერმანიიდან გაისმა. შემდეგ მას მოჰყვა საფრანგეთიც და საფრანგეთში ეს პრობლემა 2019 წელსაც მწვავედ დგას.

აპრილში საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 50-მა ოჯახმა ქალაქის ცენტრში კარვებიც კი გაშალეს, სადაც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ და საფრანგეთის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვდნენ. ასევე იყო პრობლემები ბარსელონაშიც, სადაც მიტოვებული ბაღის შენობაში ცხოვრობენ თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეები.

ამ ეტაპზე „შეჩერების მექანიზმის” ამოქმედების რეალური საფრთხის წინაშე დგას ალბანეთი, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია 2009 წლიდან აქვს მიღებული და 10 წლის თავზე ჰოლანდიამ დააყენა ევროკომისიაზე საკითხი, რომ ალბანეთს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის საფრთხე არსებობს, იმიტომ რომ, ევროკავშირის ახალი რეგულაცია „სწრაფი შეჩერების მექანიზმის” შესახებ განსაზღვრავს ზუსტად იმ სიტუაციებს, როცა შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან. თუმცა, თვლის, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ ემუქრება პოლიტიკური მნიშვნელობის გამო.

„ჰოლანდიის მიერ ალბანეთთან დაყენებულ საკითხს რაც შეეხება, ალბანელები წარმოადგენენ ყველაზე დიდ ჯგუფს არალეგალურ მიგრანტებში, ასევე ყველაზე დიდი ჯგუფს კრიმინალურ დაჯგუფებებში და მოუხედავად იმისა, რომ მიგრანტების რაოდენობა ამ ქვეყნიდან მცირდება, პრობლემა მაინც დიდია და ამიტომაც აიმაღლა ხმა ჰოლანდიამ.

“საქართველოსთან მიმართებაში პრობლემაა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდა რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ ტენდენცია უახლოეს მომავალში არ გაიზრდება, მაშინ ჩვენ საკითხს არცერთი ქვეყანა არ დააყენებს”, – ამბობს გოგოლაშვილი და მიზეზებსაც განმარტავს.

„ნუ დაგვავიწყდება ის, რომ საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის. იქ, სადაც ყველანაირი პრობლემებია, იგივე პოლიტიკური არასტაბილურობა მოლდოვაში, უკრაინაში კორუფციის საკითხები და ჯერ არავინ იცის ახალი ხელისუფლება როგორ გამოასწორებს სიტუაციას, სომხეთსა და აზერბაიჯანზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, ბელარუსზე, მითუმეტეს. ეს ის ქვეყნებია, რომელთანაც ურთიერთობების გაუმჯობესება და გავლენების ქონა ევროკავშირის ინტერესებში შედის.

“ამ ქვეყნებში ასევე ერთვება რუსული ფაქტორიც, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს თავისი გავლენა განახორციელოს. აი, ამ რეგიონში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს თავად ევროკავშირის პოლიტიკისთვის.

“ამიტომაც, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან ეს შესაძლებლობა არ დახურონ და საქართველოს მთავრობასთან დიალოგით, მუშაობით შეეცდებიან შეზღუდონ მიგრაცია და არ მიმართონ უკიდურეს ზომას, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

“მე მგონია, აქ პოლიტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რომ წმინდა ტექნიკურ მონაცემებზე ვილაპარაკოთ, მაშინ ევროკავშირის საკმაოდ ბევრ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს. იმიტომ რომ, საუბარია, რომ თუ წელიწადში 50%-ით გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი არსებობს და ბევრ ქვეყანაში 50%-ზე მეტადაა გაზრდილი ნაკადი.

“მაგალითად, საფრანგეთში 200%-ითაა გაზრდილი, ასევე 50%-ზე ბევრად მეტითაა გაზრდილი პოლონეთში, შვედეთსა და იტალიაშიც, თუმცა, პოლიტიკურად ეს კატასტროფული იქნება თავად ევროკავშირისთვის. მეორეც, საქართველო პატარა ქვეყანაა და რესურსი ამოწურვადია.

“2 წელი შეიძლება იყოს გარკვეული ადამიანების მოზღვავება, მაგრამ ეს ნაკადი შემდეგ კლებას დაიწყებს, ასე მოხდა ბალკანეთის რიგი ქვეყნების შემთხვევაშიც. ასე, რომ თუ ევროკავშირის სახელმწიფოებს რაღაც კატასტროფულ პრობლემებს არ შევუქმნით, მაშინ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ. თუმცა, გაფრთხილება და დიალოგი ხელისუფლებასთან ამ თემაზე ყოველთვის იქნება, რომ კონტროლიდან არ გავიდეს ეს პროცესი”, – ამბობს გოგოლაშვილი.

ეკატერინე ბასილაია

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.