“ევროპული სასწაული” და ისინი, რომლებიც “ყველანი მონები არიან” (ფოტოკოლაჟი)

“ევროპული სასწაული” ათწლეულების მანძილზე მეცნიერების, პუბლიცისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მუდმივი განხილვის თემაა. დადებითი პასუხი კითხვაზე რატომ ევროპა? სწორედ ამ სასწაულის მიზეზებისა და განვითარების ამოხსნაშია.

რა არის “ევროპული სასწაული”? პასუხი მარტივია: სწორედ ევროპაში შეძლო პირველად კაცობრიობამ განგრძობადი და შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის ჩვენება, რომელიც ხელშესახებია არა საზოგადოების ერთი რომელიმე ჯგუფისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის. სიღარიბიდან ამოვიდა ასეულობით მილიონი ადამიანი და უფრო მეტი კეთილდღეობა გახდა საზრუნავი. მთავარი მიზეზი კანონისმიერ წესრიგი და საკუთრების უფლების პრიმატი იყო.

“ევროპული სასწაულის” მნიშვნელობა ადვილად ასახსნელი და დასანახია თუკი ევროპულ განვითარებას შედარებით კონტექსტში განვიხილავთ და მაგალითად რუსეთს გამოვიყენებთ.

რუსეთის ჩამორჩენილობის უმთავრესი მიზეზები კიევის რუსეთის მარცხისა და მოსკოვის აღმასვლის პერიოდიდან უნდა ვეძებოთ. სწორედ მოსკოვის დომინირების შემდეგ, მრავალი საუკუნის მანძილზე რუსეთი ხასიათდება  სამართლიანობის, კანონისა და წესების სრული უგულვებელყოფით, მათ შორის ადამიანების როგორც პირადი, ასევე საკუთრების უსაფრთხოების მინიმალური გარემოს არ არსებობით.

მოსკოვის რუსეთში უკანონობა და უკიდურესი სიღარიბე ცხოვრების წესი იყო. ყველას გვახსენდება ალბათ ცნობილი ისტორია, როდესაც ელისაბედ I -ის ემისრები დაინტერესდნენ რუსეთში მოსახლეობის მდგომრეობით, ივანე მრისხანემ მიუგოთ “ისინი ყველანი მონები არიან”. (Besançon, in Baechler, Hall, and Mann 1988, 161).

რეალურად “ყველანი” ნამდვილად ყველას გულისხმობდა, ვინაიდან ივანე მრისხანეს რუსეთში დიდგვაროვნების კლასიც კი ძალზედ პირობითი იყო და მათ სტატუსი მთლიანად მეფის ძალაუფლებასა და მისდამი მორჩილებაზე დამოკიდებული. შუა საუკუნეების რუსეთში განვითარებისა და მეტი შესაძლებლობების ძიებისთვის აუცილებელი, მინიმალური თავისუფალი მოქმედების სივრცე არ არსებობდა, მათ შორის არც დიდგვაროვნებისთვის.

დასავლეთ ევროპის ფეოდალური სახელმწიფოებისგან განსხვავებით რუსეთში არც თავისუფალი ქალაქები ან ოლქები არსებობდა რომლებიც განვითარების მცირე მაგრამ სამაგალითო ოაზისებს შექმნიდნენ. უფრო მეტიც, სწორედ ივანე მრისხანემ გაანადგურა მზარდი და განვითარებული ნოვგოროდისა და ფსკოვის კომერციული  რესპუბლიკები და მასობრივი რეპრესიებისა და დაშინების სახელმწიფო არმია შექმნა, ე.წ. опричнина, რომელიც მის მიერ დადგენილი წესრიგის დასაცავად კლავდა და ანადგურებდა მინიმალურ დაუმორჩილებლობას, ანუ თავისუფლებას.

სწორედ საკუთრების, საკუთარი მიწისა თუ ქალაქის განვითარების შესაძლებლობების სრულად მოსპობის პირობებში ჩამოყალიბდა მოსაზრება რომ რუსეთის ფეოდალური წყობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დასავლურისგან და ძირითადი ნიშნული სწორედ საკუთრებაზე გადის. ევროპული “აბსოლუტიზმის” პირობებშიც კი მოქალაქეების საკუთრება თითქმის სრულად ხელშეუხებელი იყო და მათი გამოყენებისა და განვითარების თვალსაზრისით თითოეული მოქალაქის ძალაუფლება მონარქის ძალაუფლებას უტოლდებოდა. იდეა რომ მეფე, მის დაქვემდებარებულ სამეფოში იყო აბსოლუტური მესაკუთრე ყველასა და ყველაფრის თავად მეფე-მზე, ლუი XIV-ის კანონებშიც კი არ გვხდება.

დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით რუსეთში მეამბოხის ან თავისუფალი მოთამაშის წესრიგი ვერც ეკლესიამ შექმნა, და რუსეთის მართლმადიდებული ეკლესია, ზუსტად ისე როგორც ყველაფერი სხვა მეფის ქვეშევრდომად გვევლინებოდა.

შუა საუკუნეების რუსეთის ეს მოკლე აღწერა ნათელ სურათს ქმნის იმის საჩვენებლად, რომ აბსოლუტური ქვეშევრდომობის პრინციპის მოქმედების პირობებში როდესაც მთელი ქონება ეკუთნოდა მეფეს და მხოლოდ მეფეს, ხოლო ყველა ადამიანი მეფის ნების უსიტყვო ქვეშევრდომი იყო, მოსკოვის მმართველობამ შეუძლებელი გახადა დამოუკიდებელი ეკონომიკური, ისევე როგორც განვითარების ანსიმდიდრის ცენტრების გაჩენა.

შესაბამისად, მაშინ როდესაც ევროპულ სახელმწიფოებში სხვადასხვა საგრაფოებსა თუ მიწებს შორის უმთავრესი კონკურენცია მეტ განვითარებასა და ინოვაციაში მიმდინარეობდა, მეფის რუსეთი სიღარიბეს, უკანონობასა და დესპოტიაში იხრჩობოდა. ფეოდალიზმს ევროპაში ბუნებრივად მოჰყვა კაპიტალიზმი, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენისა და თავისუფალების უსასრულობის ეპოქა, ინდუსტრიული რევოლუცია და მიუხედავად დიდი ევროპული ომების, ნგრევისა და მსხვერპლისა საკუთრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების აბსოლუტიზმით ევროპული სახელმწიფოები ყოველდღიურად ქმნიან მორიგ სასწაულს უფრო მეტი კეთილდღეობისა და წარმატებისთვის.

 რუსეთი მეფის აბსოლუტური ძალაუფლების ერთგული დარჩა. პირველი მსოფლიო ომის წინ ძალიან მოკლე პერიოდს თუ გამოვტოვებთ, თავისუფალი ეკონომიკური განვითარება და საკუთრების უფლების პატივისცემა რუსეთში დღემდე არ არსებობს. საკუთრების უფლება, კი თავის მხრივ ორ კომპონენტიანია და მხოლოდ ორივეს არსებობის შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ წარმატებაზე. ერთი მხრივ აუცილებელია, საკუთრების ხელშეუხებლობა იყოს გარანტირებული, ხოლო მეორე მხრივ კიდევ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკუთრების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობების არსებობა.

ევროპული სასწაული სწორედ ამ შესაძლებლობების დაცვითა და მუდმივი ხელშეწყობით შეიქმნა. ხოლო სადაც ამგვარი შესაძლებლობები არ არსებობს, ადამიანის თავისუფლება, ნიჭი, პოტენციალი და ქონება სახელმწიფო რეგულირებით შეზღუდულია რუსეთის შუასაუკუნეების დესპოტიის დარად კვალავაც სიღარიბე და ჩამორჩენილობა მძვინვარებს.

https://infoarmy.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.