ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აუდიტორიებში ვიდეოთვალთვალის საქმეზე

დასაშვებია თუ არა ვიდეოთვალთვალი აუდიტორიაში, სადაც ლექცია მიმდინარეობს? ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ანტონოვიჩი და მირკოვიჩი მონტენეგროს წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო. მათემატიკის ორი ლექტორის მიმართვის საფუძველზე აუდიტორიების ვიდეოკამერებით აღჭურვა პირად ცხოვრებაში გაუმართლებელ ჩარევად მიიჩნიეს.

ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როდესაც მონტენეგროს უნივერსიტეტში მათემატიკის სკოლის დეკანმა რამდენიმე აუდიტორიაში ვიდეოკამერების დაეყენება გადაწყვიტა, ვიდეოთვალთვალის მიზნად კი უნივერსიტეტის ქონების, ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და სასწავლო პროცესის მეთვალყურეობა დაასახელა. მათემატიკის ლექტორები დეკანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ. პროფესორებმა, ანტოვიჩმა და მირკოვიჩმა განაცხადეს, რომ აუდიტორიაში სათვალთვალო კამერის დაყენებამ მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება შელახა.

საკუთარი უფლებების დასაცავად პროფესორებმა მონტენეგროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უწყებას მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ ვიდეოთვალთვალი არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას. უნივერსიტეტს ვიდეოკამერების დემონტაჟი დაევალა.

პროფესორებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად ადგილობრივ სასამართლოს მიმართეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ უნივერსიტეტის აუდიტორია საჯარო სივრცეა, რომელშიც ვიდეოთვალთვალის განხორციელება პირადი ცხოვრების უფლებას ვერ შელახავდა. პროფესორებმა საკუთარი უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელეს.

ევროსასამართლომ განმარტა, რომ პირადი ცხოვრების უფლება თავის თავში მოიცავს პირის უფლებას, განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან მაშინაც კი თუ ეს ურთიერთობა სამუშაო პროცესის დროს ხდება.

სასამართლომ გაითვალისწინა წარსულში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებაც, სადაც აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრების ცნება მოიცავს პროფესიული ხასიათის საქმიანობასაც, ვინაიდან ადამიანების უმეტესობას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალება სწორედ სამსახურებრივი ურთიერთობის ფარგლებში ეძლევა.
შესაბამისად, სასამართლომ სამუშაო სივრცეში დასაქმებულის მიმართ განხორციელებული ფარული თუ აშკარა ვიდეოთვალთვალი მის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ჩარევად ჩათვალა, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა და მონტენეგროს პროფესორების სასარგებლოდ 1000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

განსხვავებული აზრი

საინტერესოა რომ მოსამართლეთა ნაწილი არ დაეთანხმა უმრავლესობის გადაწყვეტილებას და განსხვავებული აზრი დააფიქსირა. მათ მიიჩნიეს, რომ ვიდეოთვალთვალი თავისი არსით არ წარმოადგენს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას და თითოეულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქმის კონკრეტული გარემოებები, როგორიცაა ვიდეოთვალთვალის განხორციელების სივრცე, მონიტორინგის სისტემატურობა, ჰქონდათ თუ არა მონიტორგინის ქვეშ მყოფ პირებს პირადი სივრცის დაცულობის მოლოდინი, იყვნენ თუ არა ისინი გაფრთხილებული ვიდეოთვალთვალის შესახებ და სხვა.

საინტერესოა ისიც, რომ სასამართლოს მიერ დღემდე განხილული საქმეები ეხებოდა დასაქმებულის მიმართ ფარულად განხორციელებულ ვიდეოთვალთვალს, ამ შემთხვევაში კი სასამართლომ სამუშაო სივრცეში ღიად განხორციელებული ვიდეოთვალთვალის ლეგიტიმურობა შეაფასა.

ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსაქმებლებს ევალებათ დასაქმებულთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვა და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მართალია გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხოლოდ მონტენეგროსთვის, თუმცა, მასში განვითარებული მსჯელობა მნიშვნელოვანია დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის ევროპული კონვენციის ხელმომწერ სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის, საქართველოში. გადაწყვეტილება ასევე დაეხმარება სახელმწიფო ორგანოებს გაითვალისწინონ სასამართლოს მიდგომები და მიიღონ შესაბამისი ზომები კონვენციის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

ავტორი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
წყარო: bm.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.