ეკონომიკური ზრდის ტემპი დაიკლებს – წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შარშანდელზე დაბალი იქნება

უკვე ყველა მხრივ დადასტურდა, რომ წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შარშანდელზე დაბალი იქნება. ზოგადად კი, შეიძლება ითქვას, რომ 5% ბოლო წლების მაქსიმუმია, რომლის გადაბიჯებასაც ქვეყნის მთავრობა ვერ ახერხებს.

ეროვნულმა ბანკმა ახალი საბაზო სცენარი გამოაქვეყნა, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე, საქონლისა და მომსახურების სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებას გააგრძელებს, რაც რეალური მშპ-ს ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო დანახარჯების დაჩქარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა.

სებ-ის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაზე ინფლაციის ზრდის პირობებში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებს, წმინდა ექსპორტისა და ფისკალური სტიმულის ზრდა გარკვეულწილად ანეიტრალებს.

საბაზო სცენარში რეალური მშპ-ს წლიური ზრდის პროგნოზი 2020 წელს 4.5 პროცენტია. საშუალოვადიან პერიოდში, საგარეო შოკების ეფექტის ამოწურვისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების კვალდაკვალ კი, მოსალოდნელია ეკონომიკური დონის 5 პროცენტამდე გაუმჯობესება.

ამ დროს უფრო მაკრძალებულ პროგნოზს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეს რეგიონის საერთო მაჩვენებელზე – 3.7% – მაღალია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს.

თავის ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2020-2021 წლებში დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაა მოსალოდნელი. რეგიონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.3%-ია მიმდინარე წლისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან საქართველოსა და ყაზახეთში, მიზნობრივზე მაღალმა ინფლაციამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია წლის მეორე ნახევარში.

გაეროს ანალიზის მიხედვით, გასული წელს გლობალურ მაეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მშპ-ს ზრდის ტემპი მსოფლიოში 2.3%-ის ფარგლებში იყო, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კიდევ უფრო ნაკლებ ზრდს ელის მსოფლიო ბანკი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა და წინასწარი შეფასებით 4.3%-ით განსაზღვრა. ამასთან, 2021 წელსაც ქართული ეკონომიკის ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.5%-ის დონემდე ჩამოიყვანა (0.5%-ით ნაკლები).

მსოფლიო ბანკის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (საქართველოც შედის), მცირე და საშუალო ორგანიზაციებს მწარმოებლურობის ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათ ზრდას ხელს უშლის მრავალი ფაქტორი: ფინანსებთან წვდომის პრობლემა, ნორმატიული ბარიერები, ფინანსური მოცვის ფართო უთანასწორობა, ეკონომიკის დივერსიფიკაციის სუსტი დონე.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების პროგნოზის შეფასებისას ამბობს, რომ პრაქტიკული ნაკლოვანებების გამო, ცალკეული აქტივობები აცდენილია დროში.

„მაგალითად, დროში დაგვიანებულია ქვეყნის ინტერნეტიზაცია, მცირეა თავდაცვისუნარიანობისთვის საჭირო დაფინანსება, სუსტია განათლების კომერციალიზაციის პროგრამები, პრაქტიკულად არაეფექტიანია ეკონომიკური აქტივიზაციის ღონისძიებები. საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობისგაჯანსაღება, მმართველობითი გარემოს სრულყოფასა და პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებაზე გადის. ამიტომ ასეთი პროგნოზი გასაკვირი არ არის“, – აღნიშნავს რატი აბულაძე.

ეკა ბაქრაძე

https://for.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.