ერთ წელში დახარჯული 4 ტონა საწვავი და ჯარიმები, რომელსაც ბიუჯეტი ფარავს-შიდა ქართლის გუბერნატორის ჯარიმების გადახდა მოსახლეობას მოუწევს

შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოსახლეობას მოუწევს.

ავტომობილები, რომლებითაც კახა სამხარაძე გადაადგილდება “სითი პარკმა’’ 7-ჯერ დააჯარიმა, თანხა კი ამ დრომდე არ იყო გადახდილი. უყურადღებოდ დატოვებულ 10 ლარიან ჯარიმებს კი საურავი დაედო და 160 ლარამდე გაიზარდა.

თავად გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ჯარიმების შესახებ „კურიერისგან“ გაიგო.

გუბერნატორს 2 ავტომობილი, ტოიოტა ლენდკრუიზერი ჰყავს, აქედან ერთი გორის გამგეობის, მეორე კი გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზეა. შესაბამისად ჯარიმების გადახდა ადგილობრივ ბიუჯეტს მოუწევს.

შთამბეჭდავია თანხაც, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორის ავტომობილების საწვავით მომარაგებასა და ტექმომსახურებაში იხარჯება. დოკუმენტების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, რაც გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა, უწყებას ტექმომსახურება 60-ჯერ დასჭირდა და ამისთვის ბიუჯეტიდან 22 200 ლარი უკვე დაიხარჯა. 2017 წლის 25 დეკემბერს კი გუბერნატორის ადმინისტრაციამ უმაღლესი ხარისხის საწვავის ტალონები შეიძინა. 28 ტონა საწვავი ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდა. მხოლოდ იანვარში გუბერნიის კუთვნილი ავტომობილებისათვის 4 ტონაზე მეტი საწვავი უკვე დაიხარჯა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაცია მხოლოდ ერთ ტენდერზე იძებნება, დანარჩენი ხელშეკრულებები კი პირდაპირი შესყიდვის წესით არის გაფორმებული.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.