ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 111 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხს უძვირებს – “ქართული ოცნების” მორიგი “საჩუქარი”

ეროვნულმა ბანკმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით, 9%-მდე გაზრდის შესახებ.

ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით 111 400 მომხმარებელს გაუძვირდება საპროცენტო განაკვეთი მიმდინარე სესხზე. სწორედ ამდენი სესხია ამჟამად მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

სექტემბრიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მეოთხედ გაზარდა. სამი თვის წინ განაკვეთი 6.5%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების მიზეზად ამჯერადაც ვალუტის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომავალ წნეხს ასახელებს.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.