ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები შემცირდა

2018 წლის ივლისში იანვართან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 136,5 მილიონი დოლარით, დაახლოებით, 4,7%-ით შემცირდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 284 მლნ დოლარი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია. რაც შეეხება 2018 წლის იანვარს, იმ დროისთვის უცხოური რეზერვების მოცულობა შეადგენდა 2,8 მილიარდ დოლარს, საიდანაც 2,2 მილიარდი ლარი ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული, 646 მილიონი დოლარი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტები იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე ეროვნულმა ბანკმა 7 აუქციონი გამართა, სადაც მთლიანად 87 500 000 დოლარი შეისყიდა.

ცნობისათვის, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 ივლისს არსებული რეზერვების მოცულობა 165 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება. ყველაზე მცირე მოცულობის სავალუტო რეზერვები სებ-ს 1995 წელს ჰქონდა, 31 ოქტომბრის მონაცემებით ის მხოლოდ 168,9 მლნ დოლარს შეადგენდა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.