ეროვნული ბანკი და მთავრობა ლარის განადგურებას აგრძელებენ – გაცვლითი კურსი ისევ ისტორიულ ანტირეკორდს მიუახლოვდა

ლარი კვლავ გაუფასურდა. სხვადასხვა კომერციულ ბანკებში კი დოლარის ფასმა უკვე გადააჭარბა 2.80-იან ნიშნულს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის დაპირება აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა, კურსი არათუ გამყარდა, პირიქით, მალევე დაუბრუნდა ისტორიული გაუფასურების ნიშნულს.

ივნისის დასაწყისიდან, ისტორიულ მაქსიმუმს მიღწეული ვალუტა მყარდებოდა და 2.73-მდე დასტაბილურდა. ბოლო დღეებში კი ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის არავითარი ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობს და ხელისუფლება და ეროვნული ბანკის დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ ლარი, შემოდგომამდე სტაბილურობას შეინარჩუნებდა. 

როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეროვნული ბანკი მაშინვე შეუდგა კურსის დასტაბილურების საწინააღმდეგო ქმედებას. 7 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. 6 ივნისს კი – 10 მლნ. ამას მყისვე მოჰყვა ლარის გაუფასურება, რაც სამომხმარებლო ბაზარზეც მოახდენს გავლენას. პირველი რიგში, საფიქრალი ისაა, რომ მაღალი კურსის პირობებში პირველადი მოთხოვნილების საქონელზე ფასიც მაღალი იქნება, ხოლო ის, რაც უნდა გაიაფებულიყო, აღარ გაიაფდება. მაგალითად, თუკი მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება იკლებს, დევალვაციის გამო, ნაკლებ სავარაუოდა, რომ ეს საქართველოზეც აისახოს.

“ადმირალ მარკეტსის” დირექტორი, დავით წიქარიძე დარწმუნებულია, რომ გაცვლითი კურსი რამდენიმე ადამიანის ნების მიხედვით განისაზღვრება და არა ფუნდამენტური ფაქტორებით. საბანკო სფეროს სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი რყევის მიზეზი მაღალი საბიუჯეტო დანახარჯებია, რაც ამ გზით იფარება.

“ზაფხულში ლარზე მოთხოვნა იზრდება. გარდა იმისა, რომ უცხოეული ტურისტები ჩამოდიან, შიდა ტურიზმიც აქტიურდება. ამ პერიოდში კურსი ყველაზე მეტად უნდა იყოს სტაბილური, თუმცა რეალურად რა ხდება სავალუტო ბაზარზე, ამის პროგნოზი თითქმის შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ადამიანი ზის და კურსს ისე ადგენს როგორც მათ აწყობთ. რასაკვირველია ლარი სპეკულაციური მომენტების გამო უფასურდება, ეროვნული ბანკი კი ავსებს რეზერვებს. 

არავითარი ფუნდამენტური ფაქტორი ქვეყნის შიგინით არ არსებობს. ამასთანავე თურქეთს, ავღანეთს და მოზამბიკსაც ვერ დააბრალეებნ, რომ იქ ცუდი მდგომარეობა. თუ ვინმე ზუსტად იტყვის, რატომ უფასურდება ლარი, არ ამბობს სიმართლეს, იმ რამდენიმე ადამიანის გარდა, ვინც თავად წყვეტს. 

ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხარჯების დასაფარად ხდება ხოლმე სავალუტო რყევა. 2-3 პროცენტი ინფლაცია ქვეყნისათვის კარგიცაა. აქ ეს ნიშნული მხოლოდ იმის წყალობით ნარჩუნდება, რომ ხალხს, არ აქვს მსყიდველუნარიანობა, თორემ ინფლაცია იქნებოდა ორნიშნა და ეს სრულად ამ პოლიტიკის გავლენაა, რომელიც სავალუტო ბაზარზე არსბეობს”, – ამბობს “რეზონანსთან” წიქარიძე.

სხვაგვარ შეფასებას აძლევს ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს საბირჟო საქმის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისის აზრით, ლარს ის არაჯანსაღი პოლიტიკ, რომელიც ცენტრალურ ბანკს აქვს. ამის გარდა, არ არსებობს სხვა არავითარი ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევდა. 

“როგორც წესი ეროვნული ბანკი ახორციელებს ცალმხრივ ინტერვენციებს მაშინ, როცა ლარი მყარდება ის ყიდულობს დოლარს, ხოლო როცა გაუფასურება უმაღლეს ნიშნულზეა, ამბობს, რომ ვერ ჩაერევა და არაფერს აკეთებს, არ ყიდის უცხოურ ვალუტას. ეს ან შეცდომაა, ან დანაშაული, რაც განაპირობებს მკვეთრ ცვლლებას სავალუტო ბაზარზე და შემდეგ უარყოფით ეფექტს იძლევა მოლოდინის თვალსაზრისითაც.

მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ კურსის ცვლილება შეუძლია სულ რამდენიმე მონაწილეს და მათ შორის სპეკულაციური ოპერაციების მეშვეობით, ეს სავალუტო ბაზარზე ძალიან ნეგატიური მოვლენაა.

დღეს, არც საგარეო ფაქტორები, არც ახლო სამეზობლოში ვითარება, არც მაკროეკონომიკური ინდიკატორები არ უარესდება. ეროვნულ ბანკს არ გაუცია არც რეფინანსირების სესხები, რის შედეგადაც ფულის მასა მოიმატეგბდა. ამასთან გაზრდილია ფულადი გზავნილები და ტურისტულად აქტიური სეზონია. ამიტომ გაუფასურებას ვერაფერს დავაბრალებთ, გარდა ეროვნული ბანკის ქცევისა და კურსის ფორმირების არაჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც ცენტრალურ ბანკს აქვს. ეს თუ არ შეიცვალა, ყოველთვის იქნება ასიმეტრიულობა, სავალუტო კურსსა და ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას შორის”, – აცხადებს “რეზონანსთან” ხომიზურაშვილი.

თამარ მუკბანიანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.