ეროვნულ ბანკს ინფლაციისა და ლარის დაცემის გამო პასუხი მკაცრად მოსთხოვეს

რა შეიცვალა სავალუტო ფონდის ვიზიტისა და ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ?

ეროვნულ ბანკი, როგორც იქნა, გამოფხიზლდა და ლარის გასამყარებლად სერიოზული ნაბიჯების დაიწყო. ხვალ მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც რეფინანსირების განაკვეთი უეჭველად გაიზრდება. ასეთი ნაბიჯი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს წლებია არ გადაუდგამს. ფაქტია, რომ გვენეტაძის უწყება დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. მას უკვე აღარც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რადგან სავალუტო ფონდის მისიამ რამდენიმე დღის წინ პირველად გამოთქვა უკმაყოფილება მზარდი ინფლაციისა და გაცვლითი კურსის გამო. როგორც ჩანს, საქმეში ჩაერთო ახალი პრემიერ-მინისტრიც, რომელსაც ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს.

წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში მუშაობა დაასრულა და კორექტულად, მაგრამ პირველად გამოთქვა უკმაყოფილება ლარის მუდმივი მერყეობის გამო. ფონდმა, ფაქტობრივად, პირველად აღიარა, რომ გაცვლითი კურსი ქვეყანას და მოსახლეობას დიდ პრობლემას უქმნის.

,,მოკლე ვადაში ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაციაზე ზეწოლა გაძლიერდება. ამ პროცესის მართვა, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ფასების ზრდას გავლენა, პირველ რიგში, ღარიბ მოსახლეობაზე აქვს. ამასთან, საქართველომ უნდა განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება”, – განაცხადა სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინიმ. 

არ არის გამორიცხული, სებ-გან პასუხი ახალ პრემიერ-მინისტრსაც მოეთხოვა. მართალია, ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს, მაგრამ ფინანსიტები უკვე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ გიორგი გახარიამ კურსთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებების განხორციელება სებ-გან მკაცრად მოსთხოვა. 

შედეგმაც არ დააყოვნა ეროვნულმა ბანკმა 25 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა, ხოლო სულ ახლახან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ კურსი ნორმიდან გადახრილია და საჭიროების შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს განახორციელებენ. 

საბანკო სფეროს სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და დამატებით იმაზეცამახვილებენ აქცენტს, რომ უკვე ცვლილების დროა – ეროვნული ბანკის ფუნქცია და ვალდებულებები უნდა გადაიხედოს.

ასე ფიქრობს ცნობილი საბირჟო საქმის სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის შეფასებითაც, ახლა უკვე ეროვნული ბანკი შექმნილ სიტუაციას დამოუკიდებლად ვეღარ გამოასწორებს, ამიტომ მთავრობაც უნდა ჩაერიოს ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმის შემუშავებაში.

,,მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხომის ჩატარების აუცილებლობა განაპირობა იმ რეალობამ, რაც ქვეყანაშია. აქამდე, რასაც სებ-ი კურსთან და ფულად რეგულირებასთან დაკავშირებით აკეთებდა, ეკონომიკურ კანონს აცდენილი იყო. საეჭვოა, ახლა შექმნილ სიტუაციას დამოუკდიებლად უშველოს. ამიტომ მთავრობის ჩარევაც აუციელებლია, რომ ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს. ერთ-ერთი ფაქტორია უშუალოდ სავალუტო კურსის ჩამოყალიბების პრინციპი, რომელიც დღეს სამართლიანობას მოკლებულია. მკვეთრი რყევა გვაქვს სწორედ იმის გამო, რომ გავლითი კურსის ფორმირების მექანიზმი სპეკულაციური ჩარევის შესაძლებლობას იძლევა”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” ხომიზურაშვილმა.

რაც შეეხება სებ-ის მიერ განსახორციელებლ ღონისძიებებს, ფინანსისტი ამბობს, რომ მან პირველ რიგში, თავისსავე დაწესებულ რეგულაციებს უნდა გადახედოს, რადგან ამით ეკონომიკა მხოლოდ დაზარალდა.

,,ეროვნულმა ბანკმა უნდა გადახედოს სამომხმარებლო დაკრედიტების და სესხების გაცემის პირობებს, რომელიც ბაზარს დაუწესა. ამ რეგულაციებმა ეკონომიკა დააზარალა დაფულადი ნაკადების შემცირება გამოიწვია. რასაკვირველია, ტურისტულმა ფაქტორმაც ნეგატიურად იმოქმედა, მაგრამ მთავარი მიზეზი რეგულაციებია. 

მონეტარული პოლიტიკის სხდომის ჩატარების პარალელურად მთავრობის სხდომაც უნდა ჩატარდეს და კარდინალური ცვლილებისთვის მოემზადონ. მართალია, სებ-ი კანონით დამოუკიდებელი ორგანოა, მაგრამ მის საქმიანობაში საპირისპირო ჩანს. პრემიერმა საპარლამენტოს ხდომაზე უნდა იმსჯელოს ეროვნული ბანკის ფუნქციაზე და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას. ვთვლი, რომ სებ-ი პასუხისმგებელი როგორც საპროცენტო განაკვეთების, ასევე სავალუტო კურსზეც. 

სავალუტო ბაზარზე არსებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ეროვნული ბანკი  ყოველთვის კომფორტულ სიტუაციაშია და მუდმივად აცხადებს, რომ ინფლაციას აკვირდება. ასე არც ერთი ცენტრალური ბანკი არ იქცევა, ამიტომ მისი ფუნქციის გადახედვა აუცილებელი და საჩქაროა”, – განაცხადა ვახტანგ ხომიზურაშვილმა. 

ეროვნული ბანკის დარღვევებზე საუბრობს ფინანსისტი დავით წიქარიძეც, რომლის შეფასებითაც, საერთოშორისო სავალუტო ფონდი სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გაკონტროლებას ცდილობს.

,,ეროვნული ბანკის საქმიანობაში სერიოზული დარღვევებია. ვთვლი, რომ ამ უწყების სათავეში საკმაოდ გონიერი კადრი დგას, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებენ. ლარის გამყარების საწინააღმდეგოდ მიმართული ინტერვენციები ხორციელდება, რაც საბოლოოდ უკუქმედებებს იწვევს. 

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვეს, ლარის დიდი მასის მიმოქცევაში გაშვებაა. კურსი ძირითადად ამის გამო უფასურდება. ეჭვი მეპარება სიტუაცია გამოსწორდეს, საკმაოდ ცუდად წაუვიდათ საქმე. 

რაც შეეხება სავალუტო ფონდის ფუნქციას, ცდილობს გააკონტროლოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი მომენტები. რაც არ უნდა იყოს, სებ-ი მაინც მისი პატრონაჟის ქვეშაა, რომ არა მისი კონტროლი მონეტარულ პოლიტიკაზე, დღეს გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა. ცხადია ისიც, რომ სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის შიდა საქმიანობაში ვერ ჩაერევა. ბუნებრივია, ვერც მთავრობას ეტყვის, რომ ამდენი პრემია-დანამატები არ აიღოს, ეს გამორიცხულია. საკმაოდ დიდი ბიუროკრატიული ხარჯი აწევს ტვირთად ბიუჯეტს, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ლარი უფასურდება”, – აცხადებს “ბიზნეს-რეზონანსთან” დავით წიქარიძე.

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.