“ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების მოქმედებები და სახეზე გვაქვს ყველა ნიშანი პანიკის”

ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების მოქმედებები და მეორე მხრივ სახეზე გვაქვს ყველა ნიშანი პანიკის – ეს განცხადება გიგი უგულავამ  “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში,” ზუგდიდის მოვლენებზე საუბრისას გააკეთა. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები არ არის გადამწყვეტი და არ ნიშნავს ხელისუფლების სრულად ცვლილებას, „ოცნება“ არის პანიკაში.

„ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატაროს. ის, რაც მეორე ტურში “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა და იკადრა ჩვენ შეიძლება გადაუჭარბებლად ვთქვათ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ  მეორე ტური  იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. ეს უკვე იყო იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება ყოველ მომდევნო არჩევნებს ჩაატარებდა  კიდევ  უფრო ცუდად და დღეს ამას უკვე ჩვენ ვხედავთ,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ თავად დააყენა საკითხი ისე რომ თუ კი ის წააგებს მაგალითად ზუგდიდს ის კარგავს ყველაფერს.

გიგი უგულავა ზუგდიდში ღამით მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც საოლქო კომისიიდან ამომრჩეველთა სიები გაიტანეს, თუმცა ოპოზიციის ჩარევის შემდეგ უკან დააბრუნეს. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედება ცალსახად მიანიშნებს, რომ მან კარგად იცის, რომ მისი საათები დათვლილია.

„არანაირი მუხრუჭი აღარ არსებობს. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე გადავიდნენ,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ იაქტიურონ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სანდრა რულოვსს მოგების რეალური შანსი აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ამ შემთხვევაში კოორდინირებული მუშაობა შეძლო.

„ამ შემთხვევაში მოვახერხეთ სწორი კოორდინაცია, რომ არ დავუყენეთ ერთმანეთს კანდიდატები იმისთვის, რომ მომგებმა კანდიდატმა მოიგოს. მთავარი ის კი არ არის დარწმუნებული ვარ სანდრასთვის, რომ იმ კაბინეტში შევიდეს, მთავარია რომ რწმენა გაჩნდეს, რომ არჩევნებით შეიძლება ცვლილება,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.