ეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის სასახლის ფოტოებია მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში – სასახლის ფართი 930 კვ.მეტრია (ფოტო)

ეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დავით სუჯაშვილის სასახლის ფოტოებია. 

სუჯაშვილის სასახლის საერთო ფართი 930 კვ. მეტრია და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განლაგებული. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სასახლე ავშნიანში, ზღვის ქუჩაზე, მესამე შესახვევში მდებარეობს და ის დავით სუჯაშვილის სახელზეა რეგისტრირებული.

სუჯაშვილს, მიწის ნაკვეთისა და სასახლის შესახებ მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშიც აქვს აღნიშნული. 

კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან, ავშნიანში, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2018 წელს იყიდა 50 ათას დოლარად, მშენებარე ნაგებობასთან ერთად.

თუმცა, შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ როგორც ჩანს, პროექტი შეცვალა და შეიძლება ითქვას რომ სასახლედ გადააკეთა. 

ჩვენ მოვიპოვეთ თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დავით სუჯაშვილის სასახლის ფოტოებიც, რომელიც საკმაოდ კონტრასტულია იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილობენ, ასობით ათას ადამიანს უკიდურესად უჭირს, ხოლო ეკონომიკა უბრალოდ, ინგრევა. 

საინტერესოა, როგორ მოახერხა ბატონმა სუჯაშვილმა საყოველთაო გაჭირვების ფონზე ამხელა სასახლის აშენება და მოწყობა მაშინ, როდესაც ლარი გაუფასურდა და ცხოვრება გაძვირდა?

როგორ ხდება რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მხოლოდ ქართული ოცნების ჩინოვნიკები და მონური მორჩილებით გამორჩეული ბიუროკრატები მდიდრდებიან?

ისინი იშენებენ სახლებს, აგარაკებს, სასახლეებს, ცხოვრობენ ფუფუნებაში, აქვთ ლეგალური და არალეგალური შემოსავლები, ბიზნესები…

საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი კი ლუკმა-პურსა და სამსახურს ეძებს იმ ქვეყანაში, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და სადაც კარგად მხოლოდ მორჩილი ჩინოვნიკები და რეჟიმთან ასოცირებული კომფორმისტები ცხოვრობენ.

P.S: თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი 2013-2019 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო დაზვერვის საკითხებში. 

მთელი ამ დროის განმავლობაში მას ოკუპანტი რუსეთის ერთი ჯაშუშიც კი არ გამოუვლენია მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად არის გადაქცეული. 

როგორც ჩანს, ბატონ სუჯაშვილს რუსეთის ჯაშუშების გამოსავლენად არც ეცალა, რადგან 930 კვ.მ ფართის მქონე სასახლის მშენებლობითა და სამშენებლო მასალების შერჩევით იყო დაკავებული ამ სიღარიბით და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში.

ლევან ქართველიშვილი

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.