“ეტაპობრივად გაუქმდება მოგების და საშემოსავლო გადასახადები და მთავარი გადასახადი დღგ დარჩება“ – „ვარშავის გეგმის“ ახალი ეკონომიკური პროგრამა

„ჩვენ წარმოგიდგენთ „ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯს, ჩვენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეების თავისუფლება გარანტირებული იქნება, სადაც მათ მაღალი შემოსავალი, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა ექნებათ. ამისათვის საჭიროა შემდეგი ცვლილებები“.

ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ 5- პუნქტიანი ეკონომიკური პროგრამის ანონსი. იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდა, ახალი მმართველი ძალა ქვეყანაში ეკონომიკურ ცვლილებებს ახალი მიდგომებით აპირებს. 


ე.წ. ვარშავის გეგმა და მისი მთავარი კრიტერიუმები – პროგრამის ეკონომიკურ ნაწილზე დეტალურად “კომერსანტი“  სწორედ დოკუმენტის ავტორს, ეკონომისტ ირაკლი ყიფიანს  ესაუბრა.

როგორ აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ 10 %-იანი ეკონომიკური ზრდის  მიღწევას და საქართველოს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან გათანაბრებას,  ექსპერტი დეტალურად ხსნის:


პირველი პუნქტი —  
საგადასახადო სისტემა, რომლის ფარგლებშიც უქმდება ყველა გადასახადი (მოგების, საშემოსავლო, დივიდენდები) დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარდა.

საქმე იმაშია, რომ დღევანდელი მონაცემებით ბიუჯეტში საგადასახო ნაწილის 39 % მოდის მოგების და საშემოსავლო გადასახადი. ჩვენი ამოცანაა, ეს ციფრიდავაკომპენსიროთ სხვა ფაქტორებით. შეუძლებელია, ერთ წელში მყისიერად გააუქმო მოგების, საშემოსავლო და დივიდენდების გადასახადი. ამიტომ,  ცვლილებების პირველ წელს მოგების გადასახადი დარჩება 15 %; საშემოსავლო გადასახადი  კი დაიწევს და გახდება 15 % ; გაუქმდება 5%-იანი დივიდენდი. აქ აუცილებელია ის, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადი გათანაბრდეს, რათა საგადასახადო ხარვეზებისგან ვიყოთ დაცულები“.


როგორც ირაკლი ყიფიანი გვეუბნება, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის შემცირება შემდგომ წლებშიც უნდა გაგრძელდეს და ყოველ წელს 5 %-ით შემცირდეს. საბოლოოდ, ანუ 2024 წლისთვის აღნიშნული გადასახადები უქმდება და ბიუჯეტის მთავარი გადასახადი საბოლოოდ მხოლოდ დღგ რჩება. ამ პრინციპისა და მიდგომის გამო ეკონოისტი დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი გამორიცხულია.


აქ მთავარი ისაა, რომ ახალ საგადასახდო სისტემაზე ისე გადავდივართ, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად 4 წელზეა გადანაწილებული და ზუსტად ამიტომ, ბიუჯეტს მყისიერად, უარყოფითად არ დააწვება. თანაც ახალი სისტემა ბოლომდე მორგებულია ბიზნესის ინტერესებს, რადგან ნებისმიერი ინვესტორისთვის მარტივი და დაბალი დაბეგვრის სისტემა უმთავრესია. ეს ხელს შეუწყობს მესამე ტიპის ქვეყნებს წარმოებისთვის შემოვიდნენ საქართველოში  და პროდუქცია გაიტანონ ევროპის ბაზარზე. პარალელურად ეკონომიკური პროგრამის სხვა პუნქტებიც იქნება ამოქმედებული და საერთო ჯამში ეს გამოიწვევს ეკონომიკის სწრაფ ზრდას“.

როგორც ირაკლი ყიფიანი გვარწმუნებს, დაკორექტირებული ბიუჯეტი სხვა საბიუჯეტო ხარჯებს, მაგალითად ინფრასტრუქტურულ,  საგანმანათლებლო ან სოციალურ  პროექტებს პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ახალი ეკონომიკური გეგმა სწორედ ბიუჯეტის ზრდაზე და მის სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე იქნება ორიენტირებული. 


რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“  ეკონომიკური პროგრამის სხვა პუნქტებს, ირაკლი ყიფიანი ყურადღებას მცირე მთავრობის რეფორმაზე ამახვილებს. ეს ნაწილი ახალი საგადასახადო სისტემის ერთგვარი კომპენსირებაც იქნება და სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარანტორიც:


„მცირე მთავრობის შექმნა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასრულდება ბიუროკრატია და ბიუჯეტიდან ასობით მილიონი დაიზოგება. მცირე მთავრობაში ვგულისხმობთ მის ტექნოლოგიზაციას, ანუ დაახლოებით ისეთი სისტემის დანერგვას ყველა მიმართულებაში, როგორიცაა იუსტიციის სახლი (ერთი ფანჯრის პრინციპით მთლიანი სისტემის აწყობა). ესე იგი, ყველა სახის სერვისი იქნებაავტომატიზირებული და სახელმწიფო დაწესებულებებში აღარ იქნებიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამ მომსახურებას ეწევიან“.


მცირე მთავრობის ნაწილში სამინისტროების,  სიპპ-ებისა და აიპ-ების გაუქმება ან მკვეთრად შემცირებაა დაგეგმილი. რაც მთავარია, დაგეგმილია თავად სახელმწიფო მინისტრების უფლებამოსილების საკითხი. მათი ფუნქცია იცვლება და მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე იქნებიან ორიენტირებულნი:


„მინისტრების ფუნქცია სრულიად შეიცვლება  და ისინი გახდებიან კომერციული ატაშეები, ანუ მთავარი მოვალეობა იქნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ზუსტად ამ კრიტერიუმით შეფასდება მათი საქმიანობა. მაგალითად, არ გვახსენდება ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო რომელიმე ქვეყანაში წასულიყო იმ მიზნით, რომ ადგილობრივი სამედიცინო ტურიზმის  პოპულარიზება მოეხდინა, ან ახალი კლინიკების მოზიდვაზე ეზრუნა… როგორც წესი, დღეს მინისტრები ბიუჯეტში დარჩენილი ან არსებული თანხების გადანაწილებით არიან დაკავებულნი, ახალი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში კი ასე აღარ იქნება. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, შესაძლოა ერთს რამდენიმე დაექვემდებაროს. ჯამში 6-7 სახელმწიფო უწყება დარჩეს“.


„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ეკონომიკური პროგრამის მესამე პუნქტი მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რაც ყიფიანის მტკიცებით, ხელს შეუწყობს როგორც ბიუჯეტის სწორად გადანაწილებას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობას. 


„როგორც საგადასახადო სისტემა, ჯანდაცვის რეფორმაც ეტაპობრივია და პირველ წელს დაგეგმილია მიზნობრივზე გადასვლა. ანუ დღევანდელი ჯანდაცვა მუშაობს იმ პრინციპით, რომ სახელმწიფო მიდის ჰოსპიტალთან და ყიდულობს მისგან  სერვისებს. მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემის შემთხვევაში კი ჩვენ ამ  მენეჯმენტს შეცვლით.  სახელმწიფო სადაზღვევო პოლისებს თავად უყიდის მოსახლეობას. შემდგომ ადამიანებს შეეძლებათ ეს პოლისები მიიტანონ კერძო სადაზღვევო კომპანიებში და ეს უკანასკნელი უკვე ბენეფიციარის ჰოსპიტალთან ურთიერთობას უზრუნველყოფს. რატომ არის ეს მიდგომა საჭირო ? – მაგალითად, დღეს  ვისაც აქვს მე-3 სტადიის ონკოლოგიური დაავადება, სახელმწიფოს მისი შენახვა უფრო ძვირი უჯდება ვიდრე დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე რომ გაკეთებულიყო. ახალი სისტემის შემთხვევაში 2 მლნ. ადამიანს ექნება დაახლოებით 65 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი, სადაც ავტომატურად იგულისხმება დიაგნოსიტირებისსხვადასხვა მიმართულება. ესე იგი, ადამიანებს შეეძლებათ თავიდანვე იარონ ექიმთან და იზრუნონ ჯანმრთელობაზე. ეს მიდგომა კომერციულად მომგებიანია სადაზღვევო კომპანიებისთვისაც, რადგან ჯანმრთელობის პრობლემის აღმოფხვრასთავიდანვე შეძლებენ და ნაკლები დაუჯდებათ“.


სამივე მხარისთვის (ბენეფიციარი, სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანია) მომგებიანი მექანიმზი ირაკლი ყიფიანის თქმით, ბიუჯეტს ძვირი არ დაუჯდება. დღევანდელ დაფინანსებას ის ოდნავ აღემატება. 


„ამ ყველაფერს სჭირდება მილიარდ -ნახევარი, დღეს კი ისედაც იხარჯება  დაახლოებით მილიარდ 100 ათასი ლარი. თუმცა, როგორც აღვნიშნე,  ეს მექანიმზმიეტაპობრივია და სრულად დაახლოებით 3 წლის  ვადებში ამოქმედდება. პირველ წელს მენეჯმენტში შემოდიან კერძო სადაზღვევო კომპანიები და 2 მლნ. ადამიანს ეძლევა სრული საბაზისო პაკეტი. დანარჩენს მაგალითად კატასტროფული დანახარჯები დაუფინანსდებათ… მოკლედ, ძირითადად ეს იქნება უკიდურესად ღარიბი ადამიანის ამოყავანა სიღარიბიდან“. 


5 პუნქტიანი ეკონომიკური პროგრამა უფრო ზუსტად ასე გამოიყურება:

  • საგადასახადო სისტემა, საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში სადაც იქნება მხოლოდ ერთი გადასახადი- დამატებითი ღირებულების გადასახადი. უქმდება მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დივიდენდების გადასახადი. 
  • ყველაზე მცირე ზომის მთავრობა ევროპაში, მთლიანად სერვისზე ორიენტირებული. ეს იქნება ყველაზე ტექნოლოგიური მთავრობა. 
  •  ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, იქნება მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა, 2 მილიონ ადამიანს ექნება ყოველწლიური უფასო გამოკვლევები. საქართველოში სოციალური დახმარება გაიზრდება მინიმუმ 3-ჯერ. ლაზიკაში აუცილებლად შეიქმნება თავისუფალი ქალაქი სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს ექნება მრავალ ათას ლარიანი სამუშაო ადგილი. იქ ინება თავისუფალი სავალუტო რეჟიმი. 
  •  განათლება – დავაბრუნებთ ამერიკის ტექნოლოგიურ პროექტს, ყველა სკოლაში იქნება ევროპული სტანდარტი და ევროპული პროგრამები. პედაგოგების მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი, ყველა მოქალაქეს დაუბრუნდება შესაძლებლობა რომ ისწავლოს ინგლისური მაღალ დონეზე. 
  • ციხეები – საქართველოში ციხეების ნაწილი უნდა დაიხუროს, ყველა მსუბუქი დანაშაული, ყველა ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სანქციებით.

სალომე ლემონჯავა

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.