ე.წ. საგარეო მინისტრი: კვირიკაშვილის მიმართვა კრემლისადმი სახალისოდ გამოიყურება

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კრემლს მიმართა. პრემიერი მოსკოვისგან აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოების დაწყებისთვის კონსტრუქციულ მიდგომას ითხოვს. ამასთანავე, კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად “დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით”, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

პრემიერმინისტრის წერილი ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა. მედოევის თქმით, ეს განცხადება საკმაოდ უცნაურია და ის მისთვის სახალისოც კი არის.

“ჩემი აზრით, საკმაოდ უცნაური განცხადებაა. თუმცა, მე არ მაქვს სურვილი მისი კომენტირების, ვინაიდან ის არ არის სამხრეთ ოსეთის მისამართით და, შესაბამისად, ჩვენთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია.

მეორე საკითხია, რამ უბიძგა ბატონ კვირიკაშვილს, ასეთი ნაბიჯი გადაედგა? თუმცა გვერდიდან ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება: საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირი მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას [“ოკუპანტ” ქვეყანას], რათა მან  [“ოკუპირებულ”] აფხაზებსა და ოსებს “homeland”-თან, საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის ნება დართოს. გაუგებარია, როგორ უშლის ხელს რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დიალოგს კახეთის ან ნახალოვკის ოსებთან? ალბათ, იქ ისინი აღარ დარჩნენ, უკომენტაროდ.

მესამე – საერთოდ გაუგებარი იქნებოდა, თუკი საქართველოს პრემიერი უყურადღებოდ დატოვებდა სამხრეთ ოსეთში დაკავებული და დაღუპული მოქალაქე ტატუნაშვილის თემას. ის ამბობს, რომ “ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რაც ქართულ-რუსულ უერთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას საფუძველშივე ძირს უთხრის”. ესეც უკომენტაროდ. უფრო მეტიც, კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ხაზს ვუსვამ, მოუწოდებს! გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე”, – ამბობს მედოევი.

პრემიერმინისტრის მიმართვა შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

წყარო: tabula.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.