ვალების ხაფანგი საქართველოსთვის – 2020 წელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 6000 ლარი ვალი ექნება

საგარეო ვალი უკვე დიდი საფრთხეს უქმნის ქვეყანას. იგი არათუ არ ემსახურება ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესს, არამედ პირიქით, უკან სწევს მას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 18.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია.

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 24.3 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. იმავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 46.9 პროცენტია, აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 415.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 826.4 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალი 4.4 მლრდ აშშ დოლარზე ფიქსირდება. სხვა სექტორების საგარეო ვალი – 4.7 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი.

საგარეო ვალი მკვეთრად იზრდება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვითაც. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება. გაისად სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 22 681 700 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის მოცულობამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, თუმცა მსოფლიოში უამრავი ქვეყნის მაგალითია, რომელთა სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ს მნიშვნელოვნად აღემატება, მაგალითად ამერიკა, იაპონია, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი და ა.შ. თუმცა, როცა ქვეყანა გადამხდელუნარიანია და მისი ეკონომიკა განვითარებული, მისთვის საგარეო და საშინაო ვალდებულების ზრდა პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მსგავს ქვეყნებში უკვე დაძლეულია ისეთი სახელმწიფოებრივი პრობლემები, როგორიცაა კორუფცია, ბიუროკრატია, კომპეტენცია საჯარო სტრუქტურებში და ამასთან, მაღალ დონეზეა კორპორაციული კულტურა.

ხაზგასასმელია, რომ საგარეო ვალის ნიშნულად მომავალი წლის ბიუჯეტში 45% არის დაფიქსირებული. რაც შეეხება განვლილ წლებს ასე გამოიყურება – საქართველოს სახელმწიფო ვალმა 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 44.6% შეადგინა. საქართველოს სახელმწიფო ვალის საშუალო სიდიდე 2004 წლიდან 2017 წლამდე მშპ-ს 36 პროცენტია, 2017 წლის მაჩვენებელი -44.6 % არის ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მაღალი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2007 წელს იყო -მშპ-ის 21.55 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ვალის საშუალო მაჩვენებელი 2017 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 81.60 პროცენტით განისაზღვრა. 2002 წლიდან 2017 წლამდე სახელმწიფო ვალის სიდიდემ მშპ-სთან მიმართებაში, საშუალოდ 72.31% შეადგინა, ყველაზე მაღალი ნიშნულზე 2014 წელს იყო- 86,50 %, ხოლო ყველაზე დაბალ ნიშნულზე 57.5 %, 2007 წელს. ევროკავშირის ქვეყნებიდან სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო წლებში იტალიას(131.8%), საბერძნეთს(178.6%) და ესპანეთს(98.3%) ჰქონდათ, რაც 2007-2008 წლებში გლობალური შოკებისას, ამ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი მიზეზი გახდა.

სახელმწიფო ვალი შედგება საგარეო და საშინაო ვალისგან. საგარეო ვალის ნაშთი, 13,789 მილიონი ლარია, მთლიანი სახელმწიფო ვალის 79%. აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან და პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და, ძირითადად, შედგება გრძელვადიანი სესხებისგან – პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 22 წელს. საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 8.8 წელს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.27%-ს.

მრავალმხრივი კრედიტორებისგან ყველაზე მეტი ვალდებულება საქართველოს აქვს მსოფლიო ბანკის მიმართ – 5,1 მილიარდი ლარი, აზიის განვითარების ბანკი – 3,2 მილიარდი ლარი და ევროპის საინვესტიციო ბანკი – 1,59 მილიარდი ლარი. ორმხრივი კრედიტორებისგან ქვეყანას ყველაზე მეტი ვალი გერმანიის მიმართ აქვს – 1,008 მილიარდი ლარი, შემდეგ მოდის საფრანგეთი – 653 ათასი ლარით და იაპონია 590 ათასი ლარით.

საშინაო ვალიდან ყველაზე მეტად ჭარბობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ობლიგაციები, რომელთა ემისიის შედეგად 2,767 მილიონი ლარის ვალდებულება წარმოექმნა მთავრობას. სახაზინო ობლიგაციების ძირითადი შემსყიდველები კომერციული ბანკები არიან, ისევე როგორც სახაზინო ვალდებულებების, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის საშინაო ვალი ძირითადად ბანკების წინაშე არსებული ვალდებულებებია.

ეკონომიკის დოქტორი იოსებ არჩვაძეც გაზრდილ საგარეო და საშინაო ვალს გამოეხმაურა. საგარეო ვალის აღება საქართველოს მძიმე ტვირთად აწვება, ამიტომ ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ მის მიერ აღებული საგარეო ვალის მოცულობა მთლიანად უნდა დაფაროს.

“საქართველო არ არის გამონაკლისი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც სახელმწიფო ვალს იღებენ. ბუნებრივია, აღნიშნული ვალი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. შესაბამისად, ქვეყნის სათავეში მყოფ ხელისუფლებას მის მიერ აღებული ვალის დაფარვის ვალდებულება უნდა გააჩნდეს. ხელისუფლებას აღებული ვალის გარდა, მასზე დარიცხული პროცენტების გადახდაც უწევს, რაც დამატებითი ტვირთია.

საქართველოს ვალზე საუბრისას უნდა გამოვყოთ ორი მომენტი. ის, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული, ეროვნულ ბანკთან ერთად და მერე – საქართველოს ბიზნესტრუქტურებისა და კომერციული ბანკების მიერ აღებული ვალი. თუ ამ თანაფარდობას ავიღებთ, მთელი ქვეყნის ვალში სახელმწიფოს წილი, დაახლოებით, 41%-ია, დანარჩენი კერძო სტრუქტურებზე მოდის”, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ლიკა მაისურაძე

წყარო: bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.