ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი ანაკლიაზე – რაზე ესაუბრა ვოლკერი ივანიშვილს

“აშშ-მ საქართველოს უთხრა, რომ რუსეთის შანტაჟის გამო უკან დახევის უფლებას არ მისცემენ”

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის 2-დღიანი ვიზიტი საქართველოში ეს იყო რუსეთისთვის გზავნილი – პირველი, კარასინის მუქარის შემდეგ რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მეორე, ანაკლიის პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი გეოსტრატეგიული დანიშნულება გააჩნია და მის მშენებლობას ხელი არ უნდა შეეშალოს,”- აცხადებს „რეზონანსთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ანაკლიის ღრაწყლოვანი პორტის მშენებლობა უკვე გახდა რუსეთიდან მუქარის მიზეზი და თებერვლის ბოლოს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადებით ეს მუქარა შემოთვალა კრემლმა.

საპასუხოდ კი, ვაშინგტონმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კურტ ვოლკერი გამოგზავნა და ამით აჩვენა რუსეთს, რომ საქართველო არ არის მარტო, ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი აქვს აშშ-ს, რომ შავ ზღვაში რუსეთის შესაკავებლად ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და რუსეთს საქართველოს შანტაჟი არ გაუვა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კურტ ვოლკერი თბილისში 11-12 მარტს იმყოფებოდა და პირველ დღეს ჯერ პრემიერ-მინისტრს შეხვდა, შემდეგ კი სოლოლაკში ბიზნეს-ცენტრში ესტუმრა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რის შემდეგაც ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კურტ ვოლკერის ვიზიტი ანაკლიის პორტის თემას უკავშირდებოდა და საქართველოს ხელისუფლებამ ერთგვარი გაფრთხილებაც მიიღო ვაშინგტონიდან, რომ პორტის მშენებლობა არ უნდა შეფერხდეს.

ბიძინა ივანიშვილთან 1-საათიანი შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში სწორედ საქართველოს უსაფრთხოებისა და მომავალი განვითარებისთვის ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე იმედი გამოთქვა, რომ „თიბისი ბანკსა” თუ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საკითხები კანონის უზენაესობის დაცვით გადაწყდება.

„მთავარია, კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია კონტრაქტები, როგორ აღიქვამენ ინვესტორები საქართველოში არსებულ გარემოს. ესეც მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი რეპუტაციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ჭკვიანი ხალხი კანონის უზენაესობის დაცვით, სწორად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასე უნდა მოხდეს. დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებს საქართველოზე და ამიტომ, მისგანაც დიდი მოლოდინი აქვს. ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია”, – ამბობს ვოლკერი.

კურტ ვოლკერმა არ დამალა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ამერიკის ინტერესებში შედის.

„როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება. ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის.

“ვაშინგტონის აზრით, ჩვენ კი არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, არამედ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, საქართველო იყოს წარმატებული, პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს,” – განაცხადა ვოლკერმა.

ვოლკერმა ასევე თქვა, რომ ანაკლიის პორტმა შესაძლოა ამერიკული წყალქვეშა გემებიც მიიღოს.

„პორტი, თავის თავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია,” – აღნიშნა ვოლკერმა .

„მე მჯერა, რომ ეს პროექტი წინ წავა. ეს საქართველოს ინტერესებშია, რადგან ყველა მხარეს სურს. დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან,” – აცხადებს კურტ ვოლკერი.

ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, კურტ ვოლკერმა გააფრთხილა რუსეთი და ასევე საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის შანტაჟს არ უნდა დამორჩილდეს და ანაკლიის პორტი შეუფერხებლად უნდა აშენდეს.

„ვოლკერმა ღიად განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი წყალქვეშა ნავების ნავსაყუდელი შეიძლება გახდეს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ასეთ განცხადებას შემთხვევით არ აკეთებს.

“ეს არის რუსეთის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება, რომ რუსებმა არ მოახდინოს ამ ტერიტორიის ექსპანსია. სამწუხაროდ, რუსეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ანაკლია მცოცავ ოკუპაციის გავლენის ქვეშ მოაქციოს. კრემლისგან მოულოდნელი არაფერია.

“ვოლკერის ვიზიტი იყო ერთგვარი გაფრთხილებაც, რომ „თიბისის” წინააღმდეგ შეტევა არ უნდა გაგრძელდეს. როგორც ჩანს, ვაშინგტონში არ მოსწონთ, რაც ხდება „თიბისის” დამფუძნებლების გარშემო და ამიტომ გახდა საჭირო ვოლკერის ჩამოსვლა და ივანიშვილთან შეხვედრა. გარდა ამისა, ვოლკერმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელებს გააჩნიათ განსაკუთრებული ინტერესი პორტის მშენებლობის მიმართ.

„ეს ვიზიტი იყო გარკვეული პასუხი კარასინის მუქარაზე. რუსებმა თავისი მესიჯი გამოუშვეს, კარასინის განცხადების სახით, ამერიკელებმა კი გამოუშვეს კურტ ვოლკერი და ამით უპასუხეს მოსკოვს, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. პირველად მოხდა, რომ რუსეთის შანტაჟის გამო საქართველო გარკვეულწილად უკან იხევდა და აშშ-მ საქართველოს უთხრა, რომ რუსეთის შანტაჟის გამო უკან დახევის უფლებას არ მისცემენ,”- ამბობს მაისაია.

მისი თქმით, დაახლოებით ისეთივე გადამწყვეტი მომენტია, როგორც ეს იყო 1990-იან წლებში, შევარდნაძის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა.

„ოღონდ, თუ იმ დროს ეს ეხებოდა წმინდა ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და ახლა ანაკლიის პორტმა წმინდა სამხედრო-გეოსტრატეგიული დაპირისპირების კონტექსტი მიიღო.

“ჩვენთვის ანაკლიის პორტი ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. მაშინ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელდა ტერაქტი. მაშინ შევარდნაძის მრჩეველი ვიყავი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში და მაშინ შევარდნაძემ პირდაპირ თქვა, რომ ეს ტერაქტი იყო რუსეთის შეკვეთილი, რომ საქართველოს ნავთობსადენის პროექტში მონაწილეობა არ მიეღო.

“მაშინ შევარდნაძემ ვაჟკაცობა გამოიჩინა და ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია. ფაქტობრივად იგივე არჩევანია, თუ მაშინ იყო ენერგოუსაფრხოების მნიშვნელობა, ახლა გაიზარდა მნიშვნელობა და ანაკლიის პორტს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

“აშშ-ის და რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტრი შავი ზღვა გახდა, ამიტომაც სერიოზული მესიჯებია, როგორც რუსეთის, ისე ამერიკის მხრიდან.

“ჩვენ ოფიციალურად ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, დღის წესრიგი არავის შეუცვლია, შესაბამისად, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს. მაშინ იყო გეოპოლიტიკური გამოწვევა, დღეს არის გეოსტრატეგიული გამოწვევაა, გაცილებით უფრო რთული გამოწვევაა,” – დასძენს მაისაია.

ეკატერინე ბასილაია

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.