ვაშინგტონი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მიმართ მიდგომას ამკაცრებს

ამერიკელი დიპლომატები გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების მთავრობებსა და ბიზნესებს აფრთხილებენ, რომ ვაშინგტონი მოკავშირეების წინააღმდეგაც უპრობლემოდ შემოიღებს სანქციებს. აშშ-ს ამოცანა მარტივი და გასაგებია – არავითარ შემთხვევაში, თუნდაც მრავალწლიანი მეგობრობის დაკარგვის ფასად, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ – ს მშენებლობის დასრულება არ დაუშვას. 

ოფიციალურად ეს იმისთვის კეთდება, რომ შემცირდეს ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე.  ამავდროუალდ,  დონალდ ტრამპი ევროკავშირში  შტატების ენერგეტიკული სექტორის ლობისტის ამპლუაში გამოდის და ევროპელებს ამერიკულ თხევად გაზს სთავაზობს, ძირითადად რუსულის სანაცვლოდ.

გერმანულ პრესაში, ამერიკული დიპლომატიური წრეებიდან წამოსულ გაჟონვების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც იმავე მოსაზრებით არა ევროკავშირში, არამედ რუსეთის უახლოეს მოკავშირე-ქვეყანაში – ბელორუსიაში წარსდგა.

ბოლო წლების მანძილზე, მოსკოვი სულ უფრო მეტად ახდენს ზეწოლას მინსკზე და  მისგან უფრო ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას მოითხოვს. 2019 წლის ბოლოს ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რამდენჯერმე ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რომელიც მისგან ღრმა ინტეგრაციის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერას ელოდა.

ზეწოლის მთავარ ინსტრუმენტად მოსკოვი ნავთობსა და გაზზე ფასებს ზრდას იყენებს, რადგანაც კრემლში მიიჩნევენ, რომ სწორედ იაფი გაზი და ნავთობი ფაქტიურად ახდენს გავლენას ბელორუსიის გეგმიურ ეკონომიკაზე.

თუმცა, ლუკაშენკომ ნავთობის ყიდვა მსოფლიო ფასებში ლიტვის გავლით დაიწყო. ოფიციალურმა ვილნიუსმა მალევე მინსკს ენერგომატარებლების ტრანსპორტირება ლიტვური პორტების გავლით შესთავაზა.ამასობაში, მაიკ პომპეო ბევრად უფრო შორს წავიდა – მინსკში ჩავიდა და ბელორუსიის ხელისუფლებას რუსული გაზის სანაცვლოდ ამერიკული თხევადი გაზის მიწოდება შესთავაზა.

მისი თქმით, ბოლო წლებში სწორედ აშშ გახდა ენერგომატარებლების უმსხვილესი მიმწოდებელი მსოფლიოში და ევროპაში ექსპორტის ზრდითაა დაინტერესებული.

ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად გეგმავენ ამერიკელები ევროპის ენერგომომარაგებაში თავიანთი წილის მიღებას და არ აქცევენ ყურადღებას რამდენიმე წინაღობას – მაგალითად იმას, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ლუკაშენკოს „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებდა, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობები აშშ-ს და ბელორუსიას შორის თითქმის გაყინული იყო.

რაც შეეხება „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს, ძნელი სათქმელია, შეუძლიათ თუ არა ევროპელების ამერიკულ ზეწოლაზე პასუხის  გაცემა. ამ ეტაპზე ევროპულ კომპანიებზე ამერიკული გავლენის შემცირების მცდელობები წარუმატებელია.

ევროპის მთავრობები ცდილობდნენ სპეციალური ფონდის შექმნას, რომელიც დაეხმარებოდა ევროპულ კომპანიებს ირანთან სავაჭრო კავშირების შენარჩუნებაში, თუმცა, ამერიკელების აქტიურობით ეს მცდელობები ჩაიშალა – ბიზნესმა ვერ გაბედა ამ შესაძლებლობის გამოყენება შტატებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შიშით. არავის არ სურს ამერიკული ბაზრის დაკარგვა ირანულის სანაცვლოდ.

შესაბამისად, ევროპული ბიზნესი, რომელმაც ობამას დროს ირანთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანში დიდი ფული ჩადო, დღეს ზარალს ითვლის, თუმცა, ვაშინგტონის წინააღმდეგ მაინც არ მიდის.

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს შემთხვევაში, მთავარი ზარალი რუსეთს ხელისუფლებას და მსხვილ ბიზნესს მიადგა. მას შემდეგ, რაც შტატებმა სანქციები შემოიღეს ამ პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ, თითქმის დასრულებული მშენებლობა შეწყდა – პროექტიდან გამოვიდა ევროპელი კონტრაქტორი, მათ შორის შვეიცარიული Allseas,  რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე მილებს ამონტაჟებდა.

შესაბამისად, რუსეთს მათი ჩანაცვლება თავისი რესურსებით მოუწევს, რაც არ იქნება ადვილი, რადგანაც რუსეთი აუცილებელ ტექნოლოგიებს ვერ ფლობს.

რუსეთი მილსადენების ქსელის გაფართოებაში მილიონებს ხარჯავს თუმცა, მას არ გააჩნია არც ერთი ხომალდი, რომელსაც შეუძლია ზღვის ფსკერზე მილების გაყვანა. ამჟამად შესაძლებლობების ძებნის პროცესია – ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად მიიჩნევა რუსული გემის „აკადემიკ ჩერსკის“ მოდერნიზება.

ეს ხომალდი მილების ზღვაში მონტაჟს ახორციელებს თუმცა, მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები არასაკმარისია „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს დარჩენილი 150 კილომეტრის დასრულებისთვის.

როგორც ჩანს, ამერიკელები სერიოზულად მოეკიდნენ ამ საკითხს, რადგანაც Allseas-ის შემცვლელის პოვნის შემთხვევაში გაზსადენის მშენებლობის დასრულება შესაძლებელია 2-3 კვირაში.

სავარაუდოდ, ამისთვის რუსეთს ევროპული ტექნოლოგიები და აღჭურვილობა მაინც დასჭირდება – ამიტომაც, ამერიკა ევროპას და პირველ რიგში გერმანიას აფრთხილებს, რომ თუ ისინი დაეხმარებიან რუსებს პროექტის დასრულებაში, მათ  ამერიკულ ბაზარზე უარის თქმა მოუწევთ.

Rosbalt.ru

თენგიზ აბლოთია

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.