“ვინც გლეხს მაღალ ფასს სთავაზობს იმათ ავიწროვებენ და სცემენ” – თხილის მაფია ოზურგეთში

ოზურგეთში თხილის ბიზნესში ისევ მაფია ჩაერთო. ეს აქ, არახალი ამბავია  და ბოლო წლების განმავლობაში გლეხების მოსავალს ზუსტად ისე იბარებენ, რა შემთხვევაშიც რეალიზატორებს რჩებათ მეტი მოგება. 

ამიტომაცაა, რომ მუდმივად თამაშობს ფასები თხილის ჩამბარებელ პუნქტებში და დღიდან მეორე დღემდე ისე ცვლიან, რომ ვერც მიზეზს გეუბნებიან და არც არგუმენტები აქვთ გარდა იმისა, რომ სამეგრელოშიც ასეა.

ოზურგეთში, რეალიზატორები მუდმივად მიგვანიშნებენ იმაზე, რომ მათთვის შიდა ბაზარი ძირითადად სამეგრელოზეა გათვლილი და ფასების დადგენაც მეზობელ რეგიონში დადგენილი ფასის მიხედვით ხდება.

რეალურად კი, სხვა რამეს მოწმობს ფაქტები, რაც ოზურგეთის სოფლებში ხდება და რის გამოც ხშირად სიტუაცია ხელჩართულ ჩხუბამდე მიდის. 

მაგალითისთვის, გუშინ საღამოს სოფელ მელექედურში მომხდარი ფაქტიც საკმარისია. გლეხი, რომელიც უშუალოდ თვითმხილველია მომხდარის “გურიის მოამბეს” დაუკავშირდა და ინფორმაცია მიწოდა. 

“რაც გუშინ ჩვენს სოფელში მოხდა, მხოლოდ ერთი სახელი აქვს. თხილის მაფიაში ჩართული ე.ე ძველი ბიჭების მხრიდან გლეხების ყვლეფა და დაცინვა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ოზურგეთში, ყველა სოფელში მეგრელ რეალიზატორებს ჰყავთ ერთი კაცი, რომელიც ადგილზე არკვევს ვის აქვს თხილი ჩასაბარებელი, გვეკითხებიან-რამდენად ჩააბარებ? იმასაც იკვლევენ, შეწამლული არის თუ არა და ამის მიხედვით ადგენენ ფასებს, რადგან კარგად იციან, კარგი ხარისხის ნედლეულში ღირს მეტის გადახდა, რადგან ის არ ფუჭდება.  აწვდის შემდეგ ამ ინფორმაციას რეალიზატორს, მიკროავტობუსით სახლში მიაკითხავენ ჩაბარების მსურველებს და წაიღებენ თხილს. 

მაგრამ აქ, ადგილობრივებს, ვინც ჩართულები არიან თხილის ბიზნესში ეს არ აწყობთ. მათ ურჩევნიათ უ ნაკლებად ჩაიბარონ, რადგან შემდგომი რეალიზაციის დროს მეტი მოგება რჩებათ. 

დღეს მაგალითად სამი ლარი გადამიხადეს თხილში, რომლის 10 გულიდან 9 ჯანსაღი იყო. ასეთი ხარისხის თხილში მეგრელებმა გუშინ 6 ლარამდე გადამიხადეს. 

ეს არის მაფია, ჩვეულებრივი. ტონა მაქვს კარგი ხარისხის თხილიო ამათ რომ უთხრა, 4 ლარს იხდიან კილოგრამში. თან ამის ტრანსპორტირება მე მეხება, მეგრელები კი სახლში გვაკითხავენ და 6 ლარამდე გვიხდიან. 

გუშინ კაცი ტიროდა, ხელი რის გამო დაარტყეს? შენ ვინ გეკითხება-გლეხი კი გვაბარებს იმ ფასად რასაც ვთავაზობთ და თავს რატომ წირავო? 

ნამუშევარი დახეთქილი მაქვს ხელის გულები,  ვმუშაობ დღე და ღამე და ვიღაცამ ასე უნდა დაგვცინოს პირადი მოგების ხარჯზე? დეკემბერში მე რითი უნდა გამოვკვებო ოჯახი დღეს უკვე აღარ ვიცი. დაახლოებით ერთ ჰექტარ თხილს რომ ვეპატრონო 2 ათასი ლარი მეხარჯება სეზონზე, მიღებული მოსავლით გავისტუმრებ ხარჯებს და რა მრჩება? ოჯახი ზამთარში რითი გამოვკვებო? ანუ, აბუჩად იგდებენ გ;ლეხებს. მარტო პირად მოგებაზე მუშაობენ. ოზურგეთში მაგრამ მუშაობს თხილის მაფია. 

ამის დასტური არ არის ის, რაც გუშინ ჩვენს სოფელში მოხდა?  ერთ კაკალ კარგი ხარისხის თხილში 70 თეთრი გადაუხადეს ხალხს, საშუალოდ, ერთი კგ. თხილი 5 ლარ ნახევრად ჩაიბარეს და… წავიდნენ თუ არა, მოცვივდნენ ე.წ. “ძველი ბიჭები” და ყველას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ვინც თხილი სამეგრელოდან ჩამოსულებს ჩააბარა. იყო ერთი გაწევ-გამოწევა. იმ ბიჭს მიადგნენ, ვინც ეს მეგრელები სოფელში მოიყვანა-“ვინ გეკითხებოდა, რატომ ერევი ჩვენს საქმეშიო.ყველა ისე იღებს და აბარებს ამ საწყალი გლეხებისგან მოსავალს, როგორც მათ ჯიბეებს აწყობთ”  – გვიყვება გლეხი მელექედურიდან.

ცნობისთვის: შემთხვევა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში გუშინ მოხდა.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.