ვინ ვინ არის – ბოტების გამოაშკარავების ახალი პლატფორმა

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ახალი პლატფორმა გაჩნდა. ვინ ვინ არის – Vin Vin Aris – ასე ჰქვია სამოქალაქო ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფის პროექტს, რომელიც სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების, ე.წ. ბოტების გამოაშკარავებას ემსახურება. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქრომის ბრაუზერის დამატება (Extension),  რომლის საშუალებით პლატფორმის ბაზაში ინტეგრირებულ მონაცემებს უკავშირდებით. შესაბამისად,  სოციალურ ქსელით სარგებლობისას სტატუსის აღმნიშვნელი ნიშნით, მარტივად შეძლებთ ამოიცნოთ ბოტი. 

როგორ მუშაობს პლატფორმა, რა პრინციპებსა და მექანიზმებს იყენებს ბოტების გამოვლენისას და როგორია პროექტის სამომავლო გეგმები – გთავაზობთ http://At.ge -ს ინტერვიუს პროექტის ავტორებთან. 


მკითხველისათვის რომ განვმარტოთ, რას გულისხმობს ეს პროექტი?

ვინ ვინ არის – Vin Vin Aris  – შეიძლება ითქვას, რომ არის საზოგადოების მცდელობა პროაქტიულად ებრძოლოს ინტერნეტ პროპაგანდას, რომელსაც ავრცელებენ სამთავრობო და კვაზი-სამთავრობო ორგანიზაციები, მათი „კარის ონლაინ-გამოცემები“, პროპაგანდისტული, ვითომ დამოუკიდებელი გვერდები. ჩვენი პროექტი ცდილობს დაანახვოს საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, რომ მათი კეთილი ნებით და მოთმინებით, მათივე (ბიუჯეტის) ხარჯით მანიპულირებენ. 

საიტზე მითითებულია პრინციპი, რის მიხედვითაც ავლენთ ბოტებს, მაგრამ უფრო ვრცლად  რომ შევაფასოთ, რა მახასიათებლებით გამოირჩევიან ბოტები სოციალურ ქსელებში თუ სხვადასხვა საიტზე აქტივობისას?

ბოტებს აქვთ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, საქმე ყალბ, არარსებულ პროფილთან ან/და ადამიანთან გვაქვს. 

პირველი – ეს არის საერთო და მარტივი, მაქსიმალურად მოკლე და რაციონალური არგუმენტების ნაცვლად, ემოციური მესიჯბოქსი. ბოტების მიზანია: 1. მკითხველში შესაბამისი ემოციების აღძვრა, იქნება ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ლანძღვა, თუ პირიქით – ქება-დიდება; 2. უმრავლესობის ილუზიის შექმნა.  

ბოტების უმრავლესობა, სხვა მხრივ, მინიმალურად აქტიურია – თუ სოციალური ქსელის  ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის აქტივობა მრავალფეროვანია და სხვადასხვა თემებს შეეხება,  ბოტის შემთხვევაში, ძირითადად, პროსამთავრობო განცხადებები ჭარბობს. 

სხვა აქტივობა მას თითქმის არ აქვს და არც გარეშე მომხმარებლები აქტიურობენ მის კედელზე. ჩვენს სისტემას შემუშავებული აქვს ქცევის მოდელი დაახლოებით ორმოცი პარამეტრით, რომლის მიხედვითაც დგინდება მომხმარებლის სიყალბის ალბათობა.

ბოტების აქტივობა დაფუძნებულია მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდის და კომენტარების მონიტორინგზე. ამჟამად ბაზაში განთავსებულია მხოლოდ 5 მედია პლატფორმა, რის მიხედვით შეირჩა ეს პლატფორმები?

ეს ოთხი მედია პლატფორმა – on.ge, ტაბულა, ინტერპრესნიუსი, მთავარი არხი და ფორმულა ტექნიკური ხელმისაწვდომობით და ბოტების აქტიურობის მიხედვით შეირჩა, სხვა პლატფორმებზეც იყენებენ ბოტებს, მაგრამ ამ ოთხზე – განსაკუთრებით.

რამდენად აქტიურად არის სოციალური ქსელის მომხმარებელი ჩართული ბოტების გამოაშკარავების პროცესში, რა სიხშირით შემოდის განაცხადი სავარაუდო ბოტის ბაზაში ჩასმაზე? 

ათეულობით რეპორტი შემოდის ყოველდღიურად ბოტების, პარტაქტივის, სახელმწიფო მოხელეების და ღიად პრორუსული (ე.წ. მეხუთე კოლონის) წევრების გამოსავლენად და მოსანიშნად. 

აქტიური  მომხმარებლების დახმარებით ბაზაში სამი კვირის განმავლობაში  ჩანაწერების რაოდენობა გაორმაგდა. ჩვენ თვითონაც გაოცებულები ვართ, იმდენად სწრაფად და ეფექტურად ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოება ამაში, ეს კი ერთი რამის მანიშნებელია – ყველა შეწუხებულია ამ პრობლემით.

რამდენად დიდია იმის ცდომილება, რომ რეალური პროფილი მოხვდეს ბოტების ბაზაში და რა მექანიზმები გაქვთ ამ ცდომილების გადასამოწმებლად/რეაგირებისათვის?

ბოტების ამოცნობისთვის ჩვენი ხელოვნური ინტელექტი მრავალწახნაგოვან ლინგვისტურ და სტატისტიკურ მოდელებს იყენებს, მისი სიზუსტე 85% – 91%-მდე მერყეობს, რაც თავისთავად რეალური მომხმარებლების ბოტებად კვალიფიცირების  მცირე ალბათობას ტოვებს. 

ამასთან ერთად,  ბოტების დამატება ბაზაში პირდაპირ, ავტომატურად არ ხდება. მას შემდეგ,  რაც სისტემა საეჭვო პროფილებს გადაარჩევს და მათ შესაბამისი სტატუსით მონიშნავს, მოდერატორი ხელით, მექანიკურად ამოწმებს ყველა ამ პროფილს.  

თუ ეტაპების შემდეგ მაინც გაიპარა შეცდომა – საიტზე გვაქვს სტანდარტიზებული KYC ფორმა, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაიაროს Know Your Customer პროცედურა, მისი პროფილი გახდება ვერიფიცირებული და შესაბამისი აღნიშვნაც მოეხსნება.

როგორ შეაფასებდით, რამდენად მოქმედებს  ბოტების ორგანიზებული აქტივობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და ამ კუთხით, თქვენი შეფასებით, რას შეცვლის ეს პროექტი?

ბოტების ორგანიზებულ აქტიურობას აქვს რამდენიმე შედეგი:
#1. უმრავლესობის ილუზიის შექმნა, მაგალითად, ჩვენს გვერდზე  მითითებულია სიახლეების ბმულები, სადაც კომენტარების 90% ყალბ პროფილებს ეკუთვნის, მათგან ყველა პროსამთავრობო კომენტარია. 

მომხმარებელს არ აქვს არც დრო და არც იმის ნებისყოფა, რომ სათითაოდ გადაამოწმოს კომენტარის ავტორები და დარწმუნდეს მათ რეალურობაში, შესაბამისად, მომხმარებლისთვის ზედაპირულად მხოლოდ ის ჩანს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ხელისუფლებას უჭერს მხარს. რაც, სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანში ნიჰილიზმის დათესვაზეა ორიენტირებული.

#2. პროსახელისუფლებო ნარატივის წარმართვა და გამიზნული შეტევა მოწინააღმდეგეებზე. ეს ნათელი ჯერ კიდევ შარშანდელი აქციების დროს გახდა, როცა ბოტების კომენტარები აქციებს ერთნაირი ეპითეტებით ნათლავდნენ აბსოლუტურად ყველა მედიასაშუალების გვერდებზე.

მაგალითისათვის, ახლახან, როცა ილია ჯიშკარიანი ამხილეს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში, მათი მესიჯბოქსი პირდაპირ მსხვერპლის დადანაშაულება იყო. ასევე ერთხმად უჭერდნენ მხარს კალაძის რეფორმებს მაშინ, როცა რეალური ხალხის კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა ნეგატიური იყო. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ატეხილი ნეგატიური პიარკამპანია  და ა.შ. 

სამწუხაროდ, კონკრეტულად იმის გაზომვა, თუ რამდენად ახდენს ეს აქტივობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენას, შეუძლებელია. თუმცა, იგივე ბრექსიტის რეფერენდუმის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების, ევროპის ქვეყნებში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სოციალური მედიის,  ე.წ. ფეიქ ნიუსების და ტროლების როლზე საკმაოდ ბევრია დაწერილი საერთაშორისო მედიაში. ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ამ საქმიანობაში გასართობად ნამდვილად არ ყრის ფულს და გარკვეულ დივიდენდებსაც იღებს.

სანამ უშუალოდ ამ პლატფორმას შექმნიდით, თუ აწარმოებდით კვლევას – მაგალითად, დაახლოებით რა პერიოდიდან დაიწყო ბოტების განსაკუთრებული აქტივობა. ასეთი კვლევის არსებობის შემთხვევაში, რა შედეგები მიიღეთ?

პლატფორმის შექმნამდე, რა თქმა უნდა, ვიცოდით ბოტების არსებობის შესახებ, ბოტების პირველი ორგანიზებული  აქტივობის კვალი, დაახლოებით, 2011 წლის ბოლოდან ფიქსირდება, ცხადია, უფრო მცირე მასშტაბებში. 2014 წლის ბოლოდან კი  უკვე ორგანიზებული, მასშტაბური სახე მიიღო – განსაკუთრებით შარშანდელი აქციების შემდეგ. როდესაც მივხვდით, რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო, ერთ-ერთ ასეთ ტროლ-ფაბრიკაში მომუშავე ადამიანის დახმარებით, ჩვენს ხელში აღმოჩნდა ბოტების პროფილების სიის ნაწილი.

დაკვირვების შედეგად შევიმუშავეთ კონკრეტული ქცევის პარამეტრები, რის შემდეგაც ჩვენმა ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო ამ პროფილების მონიტორინგი და Machine Learning მოდელების დატესტვა ზემოთ ხსენებული პარამეტრებით. 

შემდეგ ამ მოდელებს უკვე ახალ, სავარაუდო ბოტებზე ვტესტავდით და შედეგებს ვადარებდით. როდესაც დავრწმუნდით, რომ უკვე საკმარისად ზუსტი და სანდო მოდელი გვქონდა მზად, მხოლოდ მას შემდეგ გადავწყვიტეთ პროდუქტის გასაჯაროება.

პროექტის სამომავლო გეგმები – როგორ იგეგმება პლატფორმის განვითარება როგორც ტექნიკურად, ასევე ინფორმაციის გავრცელების მიმართულებით.  გეგმავთ თუ არა პროექტის ფარგლებში კამპანიას, შეხვედრებს თუ ამ ეტაპზე მხოლოდ აღნიშნული პლატფორმის ბაზაზე იმუშავებთ.

უახლოეს  მომავალში იგეგმება რამდენიმე დიდი განახლება ფრონტენდის მიმართულებით, დავამატებთ 1 დაწკაპუნებით დარეპორტების სისტემას, რათა მომხმარებელს გავუადვილოთ სავარაუდო ტროლის ბაზაში დამატებისთვის შეტყობინების გამოგზავნა.  

დამუშავდება ვიზუალური მხარეც და წლის ბოლომდე არა მარტო ბოტის / პარტაქტივის ან სახელმწიფო / საჯარო მოხელის პროფილს, არამედ მის მიერ დაწერილ პოსტებს და კომენტარებსაც შევინახავთ და დავამუშავებთ, რომ არაფერი დაიკარგოს.  

პარალელურად, მომხმარებლებისგან დიდი მოთხოვნაა მობილურ აპლიკაციაზე და მობილური ფეისბუქის აპლიკაციაში ინტეგრირებაზე, ეს ტექნიკურად რთული საკითხია, მაგრამ მოხალისეების და ჩვენი რესურსების დახმარებით  იმედი გვაქვს, რომ 2020-ის არჩევნებამდე ამ საქმესაც თავს გავართმევთ.

ქრომის დამატებით სარგებლობლობისათვის უნდა შეხვიდეთ პროექტის ვებგვერდზე, სადაც დეტალური ინსტრუქცია და ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.   

წყარო: AT.GE

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.