ვინ იქნება მეფე? – სამეფო კლუბი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ითხოვს

მეფე, დედოფალი, სასახლე და სამეფო სახლი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამეფო კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონსტიტუციური მონარქიის დრო დადგა. ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს მეფე – სამეფო კლუბის მტკიცებით, ამის უფლება აქვთ: 7 წლის უფლისწულ გიორგის, პრინცის მამა დავითს, მის ძმებს, უგო და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელებს და მათ ბიძაშვილს, ხუან-იოანე ბაგრატიონ-მუხრანელს.

მეფობისთვის მზადაა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ის ახლა დროის დიდ ნაწილს ვენახებში ატარებს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული.

დავითი მეფობისთვის მზად არის, თუმცა მას აღიარების პრობლემა აქვს, გრუზინსკებთან სასამართლო დავების და ხმაურიანი დაპირისპირების გამო. ერეკლე მეორეს შთამომავლები მის გამეფებას ეწინააღმდეგებიან. ამიტომ, ამ კრიზისის დასაძლევად, კომპრომისული ვარიანტი, დავითის და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საერთო ვაჟის, 7 წლის გიორგის გამეფებაა.

სამეფო კლუბში, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ითხოვს და მეფეს ეძებს, ფიქრობენ, რომ არასრუწლოვანი შესაძლოა, გახდეს სამეფო სახლის მეთაური და ვიდრე 18 წლის გახდება, მეფის მოვალეობას რეგენტთა საბჭო შეასრულებს.

სამეფო კლუბის წევრი, 24 წლის ირაკლი დათუკიშვილი ამბობს, რომ სამეფო კლუბში 3 წლის წინ სწორედ იმიტომ გაწევრიანდა, რომ მონარქისტია. ირაკლი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, პარალელურად მუშაობს. ის ფოტომოდელი და ფიტნესისტრენერია. მზად არის, მეფის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს, ზუსტად იცის, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მეფე, პირველ რიგში, ვეფხისტყაოსანი უნდა ჰქონდეს წაკითხული. 

„პირველ რიგში, ვეფხისტყაოსანი უნდა ჰქონდეს წაკითხული, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია, ვაჟა, აკაკი. მეფე უნდა იყოს ასევე, მართლმადიდებელი აუცილებლად და ზნეობრივად უნდა იდგეს მაღლა. მაგალითი მოვიყვანოთ, დავით აღმაშენებელი როგორ ცხოვრობდა, ბერივით ცხოვრობდა. არ არის აუცილებელი, მარგამ მიახლოებულად მაინც რომ იყოს მისი მსგავსი,“ – ამბობს ირაკლი დათუკიშვილი. 

წმინდა სინოდის წევრი, მანგლელი მიტროპოლიტი, მეუფე ანანია დავითის მეფობას არ ემხრობა, ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად ტახტი უფლისწულ გიორგის ეკუთვნის, რომელმაც დაპირისპირებული მუხრანელები და გრუზინსკები გააერთიანა. უახლოეს მომავალში კი შესაძლოა, კიდევ ერთი ქორწინება იყოს საჭირო. 7 წლის გიორგის ცხოვრება უკვე დაუგეგმეს, მან იმერეთის სამეფო-სამთავროს ასული უნდა შეირთოს ცოლად და ამით ისტორიული სამართლიანობა აღადგინოს.

„გიორგიმ უნდა შეძლოს, თავის თავი დაძლიოს, თავის პირადი მეობა დაძლიოს ერისთვის, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და გააერთიანოს ქორწინების გზით სამომავლოდ,“ – ამბობს მანგლელი მიტროპოლიტი.

კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, პრეზიდენტის ნაცვლად გვეყოლება მეფე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად კი – სამეფო კანცელარია – ასეთია მოდელი, რომელსაც სამეფო კლუბი საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებს სთავაზობს.   

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

“rustavi2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.