ვინ შეარჩია თავის მემკვიდრედ პუტინმა

“პუტინი გადავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და „ედინაია რასიას“ თავმჯდომარე გახდება”

რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ საგრძნობლად იცვლება; ყოველ წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაახლოებით 10%-ით ეცემა. ორ წელიწადში მისი რეიტინგი 19%-ით შემცირდა. „ლევადა” ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო პოლიტიკური კვლევის შედეგად ვხედავთ, რომ 2017 წლის ნოემბერში პუტინის რეიტინგი 59% იყო, 2018 წლის ივნისში კი – 48%. ამავე წლის სექტემბერში 39%. ხოლო 2019 წლის მარტში 41%, 2019 წლის ივნისში კი უკვე 40%-ია.

თუკი რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგმა დაცემა ასე განაგრძო, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ირიბად უკვე საუბრობს კონსტიტუციის ერთგვარ შეცვლაზე და შესაბამისად, ჩნდება რეალური შანსი იმისა, რომ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღოს, 2024 წლამდე პუტინის 59%-იანი რეიტინგი, რომელიც 2017 წელს ჰქონდა, პრაქტიკულად, ნულდება.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან” საუბრისას პუტინის რეიტინგის დაცემას რუსეთში არსებული მძიმე, ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის.

„პუტინის რეიტინგის დაცემის მიზეზი შესაძლოა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში ვეძიეთ. მას შემდეგ რაც, რუსეთმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგმა 80%-მდე აიწია, თუმცა, მოგვიანებით დასავლეთმა შესაბამისი სანქციები შემოიღო. გარდა ამისა ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა.

„ამასთანავე, პუტინის ე.წ. საპენსიო რეფორმამ, რომლის შემდეგაც საპენსიო ასაკი გაიზარდა, მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის მოსახლეობა ყირიმისა და აფხაზეთის ოკუპაციას აპროტესტებს, პირიქით. პუტინის რეიტინგმა 2014 წელს აიწია, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა,” – აღნიშნა ჩიტაძე.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” პუტინის რეიტინგის დაცემის შესახებ საუბრისას აცხადებს:

„არაპოპულურულმა საპენსიო რეფორმის გატარებამ და ქვეყნის ეკონომიკურმა მაჩვენებელმა პუტინის რეიტინგი დაწია. ასევე ეკატერინებურგში საკათედრო ტაძრის მშენებლობის თემამაც საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა მის რეიტინგს. ხოლო 2014 წელს ყირიმის ოკუპაციამ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი მკვეთრად მაღლა აწია. ამ შემთხვევაში შესაძლოა ითქვას, რომ ეროვნული კონსენსუსი იყო, თითქოს ყირიმი, ეს რუსული ტერიტორიაა,” – განაცხადა მაისაიამ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის მართვის სადავეები შესაძლოა კვლავ პუტინის ხელში დარჩეს, რადგან რუსეთი ამ დროისთვის დიდი ალბათობით უკვე საპარლამენტო მმართველობით სისტემაზე იქნება გადასული, რომლის სათავეშიც ისევ პუტინი მოექცევა.

სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა წამოაყენა წინადადება კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს მთავრობის ფორმირების პროცესში. ამის შესახებ „საპარლამენტო გაზეთი” წერს. ხოლო ანალიტიკოსები „რეზონანსთან” საუბრისას ვარაუდობენ, რომ ვლადიმერ პუტინი 2024 წლისათვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პუტინი 2024 წელს პრეზიდენტობიდან პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაინაცვლებს.

„რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილება ჯერ კიდევ მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 4 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა, რაც გამიზნული იყო იმისკენ, რომ შემდგომში, პუტინს ხელმესამედ საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა და ასევე ჰქონოდა შესაძლებლობა ქვეყანა 2024 წლამდე ემართა.

„თუ რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილება არ მოხდება, დიდი ალბათობით შესაძლოა, პუტინი კვლავ რუსეთის პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს. თუმცა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმის იმედად, რომ პუტინი სხვა პრეზიდენტით შეიცვლება და ის უფრო ლოიალური იქნება საქართველოს მიმართ.

“პუტინი რუსეთის საზოგადოების შედეგია და არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ თუ პუტინი სხვა პრეზიდენტით შეიცვალა, აფხაზეთს ან სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს. გრძელვადიან პერპექტივაში ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მოგვარებადია,” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ჩიტაძის მოსაზრებას იზიარებს მაისაიაც და აცხადებს, რომ რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილება მოსალოდენელია და 2024 წლისათვის უნდა ველოდოთ, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გაზრდას, ხოლო პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტებას. მისი თქმით, ქვეყნის მართვის სადავეები კვლავ პუტინს დარჩება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება პარლამენტი და მთავრობა გაააკონტროლოს.

„2024 წლისთვის სახელმწიფოს სათათბირო უნდა გადაიქცეს ერთგვარ მთავრობის ჩამომყალიბებელ ორგანოდ და უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს სათათბიროს ჩართულობაც. რუსეთი კი უნდა გადავიდეს ნახევრად საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ფუნქციები გაიზრდება.

„როგორც ჩანს, პუტინი 2024 წელს აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებას, ასევე შესაძლოა მემკვიდრეც დაასახელოს, რომელიც სავარაუდოდ უკვე შერჩეული ჰყავს და ეს შეიძლება ალექსანდრ დიუმინი იყოს, რომელიც მანამდე ყირიმის ანექსიის ორგანიზატორი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ხელმძღვანელი გახლდათ.

„შესაბამისად, პუტინი გადადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და ასევე „ედინაია რასიას” თავმჯდომარე ხდება. პუტინი ამით გააკონტროლებს პარტიასა და მთავრობას.

“პუტინი, ფაქტობრივად, რჩება არაფორმალურ ლიდერად. „ედიანა რასია” უმრავლესობით შევა პარლამენტში. ხოლო პრემიერ-მინისტრის ფუნქციები გაიზრდება პრეზიდენტის ფუნქციების შემცირების ხარჯზე,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.