ვისთან არის რუსეთი მართალი?

რუსეთი ნამდვილად არ არის მართალი საქართველოსთან, როცა ერეკლე მეორის მოლოდინის მიუხედავად, თანასწორი ურთიერთდახმარების და ზრუნვის სანაცვლოდ, იმპერატორ პავლე პირველის “ერთი ხელის მოსმით” გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, აკრძალა ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობა და ჯერ ტფილისის, ხოლო მოგვიანებით ქუთაისის გუბერნიებად დაყო იმპერიის პროვინციად ქცეული ქვეყანა.

რუსეთი ნამდვილად არ იყო მართალი საქართველოსთან 1921 წელს და არ იყო მართალი არც 1991 წელს, როცა ჯერ ბოლშევიკებმა, მერე კი ელცინის ყაიდის “დემოკრატებმა” შეიძულეს საქართველოს დამოუკიდებლობა.

ანუ გლობალურად, ისტორიულად, ან, თუ გნებავთ, ადამიანურად რუსეთი ნამდვილად არ არის მართალი საქართველოსთან, მაგრამ ის უდავოდ მართალია არა გლობალურ, კვაზიისტორიულ და, გნებავთ, ადამიანურ ეთიკასთან მწყრალად მყოფ ბ. ივანიშვილთან.

რუსეთი, სახელდობრ, ამხ. პუტინი ერთმნიშვნელოვნად მართალია მისსავე ქვეყანაში გამდიდრებულ რეგიონალურ ოლიგარქთან, ვისზეც აქამდე ვერ გაურკვევია, სადამდე და როდემდე უნდა უთამაშებდეს “ერთ ადგილს”.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პუტინს გავუგებდი რამეში, მაგრამ ის, რომ უთუოდ გაბრაზდებოდა “კოლექტიური ივანიშვილის” მიერ ათასგზის მოპატიჟებული და სახაჭაპურე-სახინკლედ გამზადებული კომუნისტ-მართლმადიდებელი გავრილოვის გაგდების გამო, ეს მგონი საკამათოც არ არის.

ვლ. პუტინი ეკითხება ბ. ივანიშვილს (ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს, პოლიტიკა კი, რაც არ უნდა თქვან, საბოლოოდ ისაა, რაც ზედაპირზეა): რატომ პატიჟებდით და, მით უმეტეს, სპიკერის სავარძელში რაღას სვამდით, თუკი იქიდან გაპანღურებულის დაცვის თავი და შნო არ გექნებოდათ? ჯერ “შაქარია ქუცნაშვილის” ლოყები დაიხოკეთ, ოღონდ კი თქვენამდე ჩამოეღწია და მერე კი მტერი და უხსენებელი უძახეთ.

ვინ ვინ და, ამხ. პუტინმა ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რაც ისტორიაში კრეტინულად აღმოჩენილ ვინმე გავრილოვს შეემთხვა საქართველოში, თავიდან ბოლომდე “კოლექტიური ივანიშვილის” (პუტინისთვის კი კონკრეტულად ივანიშვილის) პასუხისმგებლობაა.

და აქ სოფელ მეტეხის მკვიდრი ვერა პუტინას ძე ვლადიმერის ლოგიკა გასაგებია: დაიცავი, ან რას ჩამოგყავს “რისკების გაუთვლელად”?! “გადადგომადი” მინისტრი გახარიას სიტყვებით რომ ვთქვათ…პუტინის ქცევის მოდელი, სულ მცირე, ორიათასიანი წლებიდან არის ცნობილი: ის მტრებს ებრძვის, ხოლო სჯის მოღალატეებს.

პუტინისთვის მტერია საქართველოს ან უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოქალაქე, ხოლო მოღალატეა ბრიტანეთის მოქალაქე და კაგებეს ყოფილი ოფიცერი სკრიპალი…

პუტინი სწორხაზოვნად და პრაგმატულად ებრძვის მოწინააღმდეგეს და ასევე სწორხაზოვნად და პრაგმატულად სჯის “ერთი ადგილის მოთამაშეებს”.

ახლა კი თქვენვე განსაჯეთ, ვინ არის მისთვის ბ. ივანიშვილი? მოწინააღმდეგე? არა მგონია…

კოლექტიური ბ. ივანიშვილი ისევე მოექცა პუტინის პოლიტიკურ მწერ გავრილოვს, როგორც არაშორსმჭვრეტელი ქართველები მოექცნენ იური (გიორგი) რუსს მეთორმეტე საუკუნეში – რა აღარ იღონეს, ოღონდ კი იური ბოგოლიუბსკი დაესვათ სამეფო ტახტზე და მისთვის სულ ახალგაზრდა თამარი შეერთოთ ცოლად, ხოლო ორ წელიწადში წყევლითა და გინებით გააძევეს საქართველოდან…

ამ დროს, ეს იური – ისტორიულად პირველი რუსი საქართველოსთვის – ორი წლის წინაც იმავე თვისებების მატარებელი იყო, რაც ვითომდა ორი წლის მერე აღმოუჩინეს, ჰოდა ან ორი წლით ადრე რა მოეწონათ, ან ორი წლით გვიან რაღატომ შეიძულეს?

ვერავინ იტყვის, იქნება თუ არა გავრილოვი საქართველოსთვის “ბოლო იური რუსი”, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ბ. ივანიშვილი თამარისა და იურის შეუღლების შუამავალი დიდვაჭრის, ზანქან ზორაბაბელის მდგომარეობაში აღმოჩნდა – რუსეთის აღქმით, საქორწინოდ ჩამოყვანილი მტილი იმპერატორისა, უკაცრავად და, ნეხვში ამოგანგლა და ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია, ან თავად შეეწიროს მრისხანე ბატონს, ან საქართველოს სუვერენიტეტი მიართვას გამოსასყიდ მსხვერპლად…

ჰოდა, რატომ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილს და საქართველოს ერთი ბედი აქვს?!

რატომ უნდა იხდიდეს საქართველო ივანიშვილის რუსული მილიარდების ვალს?

radiotavisupleba.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.