ვის ვეომებით – ერთმანეთს, რატომ ქვეყნის და ერის ინტერესებიდან არ გამოვდივართ?!

საქართველოში სოციალური ქსელები ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და შეურაცხყოფის ასპარეზად, ადამიანის მიერ გამოხატული აზრის დაცინვისა და აბუჩად აგდების „მდელოდ“ გადაიქცა.

რა გვინდა, სად მივდივართ, რატომ  გვეშლება ერთმანეთში აზრის გამოხატვის თავისუფლება და ადამიანების პიროვნული შეურაცხყოფა?

კრიტიკა ან განსხვავებული აზრი რატომ მიგვაჩნია სამშობლოს, ანდა კიდევ უფრო უარესი, კონკრეტული პარტიის ღალატად? რატომ არ ვცემთ ერთმანეთის აზრს პატივს? რატომ მიგვაჩნია ადამიანების სხვადასხვა პარტიული კუთვნილება უვიცობად და რატომ აღვიქვამთ ჩვენგან განსხვავებულებს მტრებად?

ჩვენ ქვეყანაში სოციალური ქსელები ბუშტივით გაიბერა ფეიკებისა და ტროლების არმიად. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აღარ სურთ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა გამოწვევების თაობაზე დისკუსიებში. დაქირავებული ტროლებისგან წამოსული შეურაცხმყოფელი „მარგალიტებით“ ივსება სივრცე. იმ ადამიანებზე მიდის იერიში, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და ის არ არის  მიმართული ამა თუ იმ პარტიისა და პოლიტიკის სასარგებლოდ.

ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს წინაშე მდგარ უამრავ გამოწვევაზე მსჯელობა და არგუმენტირებული კამათი არ მიმდინარეობს, რატომ ვფიქრობთ, რომ წარმატებულები გავხდებით ამა თუ იმ მიმართულებით, რატომ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ დროებით დაქირავებული ადამიანები – ჩინოვნიკები მთავრობიდან – არ სცდებიან და ყველაფერში მართლები არიან? რატომ აღვიქვამთ მათ ჩვენ მბრძანებლებად, რომელთა გამოთქმული ყველა აზრი თუ ქცევა სრული, ბოლო ჭეშმარიტებაა და მათთან კამათი ან კრიტიკა დანაშაულია?

ერს, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, რანგით მეექვსე პრობლემად მიაჩნია, შეძლებს კი ამ ტერიტორიების დაბრუნებას… უფრო ის საშიშროება ხომ არ გვემუქრება, რომ მოჩვენებითი პოლიტიკური ფეიკპროცესებით კიდევ უფრო მეტი დავკარგოთ?

შეიძლება არსებობდეს აზრი, რომ ქვეყნის მთლიანობის დაკარგვაში რაღაც დონეზე ჩვენც ვართ დამნაშავე. თუნდაც ამ უმწვავეს პრობლემასთან გასამკლავებლად რატომ არ უნდა გავერთიანდეთ ერი და ბერი? შევძლებთ კი სხვა უფრო ნაკლები სიმწვავის პრობლემის მოგვარებას, თუ ყველაზე მტკივნეულ საკითხზე არ ვართ ერთიანნი და დროს მხოლოდ ურთიერთბრალდებებსა და ერთმანეთის ჩაძირვა-განადგურებაში ვხარჯავთ?

ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ერის შიდა კონსოლიდაციის, თავისუფალი აზრის გამოთქმის პატივისცემისა და ამა თუ იმ იდეასა თუ პოზიციაზე არგუმენტირებული კამათის გარეშე შეუძლებელია.

უბედურია ის ადამიანი, ვინც თავისუფლების სურნელი და გემო არ იცის!

 

ბექა კუპრაშვილი

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.