ვლადიმერ პაპავა: ქვეყანას ეკონომიკური განვითარების სტრატეგია არ აქვს

„სტრატეგია იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად და რას უნდა დაეფუძნოს იგი, არ არსებობს. ფოკუსირება ხდება მხოლოდ ერთი დარგის განვითარებაზე, ეს არის ტურიზმი“ – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ.


საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ვლადიმერ პაპავამ ასე შეაფასა:


„როდესაც საქართველოს ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი, ერთია წმინდა თეორიული, მეცნიერული პრობლემა და მეორე პრაქტიკული. უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო დონის წამყვანი ეკონომისტები აკეთებენ მკაფიო შეფასებას იმის შესახებ, რომ მშპ-ს საშუალებით ეკონომიკური ზრდის შეფასება არის შეცდომა. ეს არ არის სწორი და არ იძლევა ადეკვატურ შეფასებას. მაგალითად, იმ მეთოდოლოგიით, როგორც იანგარიშება მშპ, რაც მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, რაც მეტი მანქანა დაიმტვრევა და მეტი ადამიანი დაზიანდება და დაიღუპება, მით მეტი იქნება მშპ. თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება და ინფრასტრუქტურა დაზიანდება, დაზიანებულ ავტომობილს დასჭირდება შეკეთება, ეს ყველაფერი ეკონომიკური აქტიურობაა; ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში მივა და იმკურნალებს, გაიზრდება ჯანდაცვის ხარჯიც. ღმერთმა დაიფაროს და თუ დაიღუპება ადამიანი, სარიტუალო ხარჯებია საჭირო. ასე, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკას ზრდის მაჩვენებელია. ასე შეფასებული ეკონომიკური ზრდა კი ადამიანების კეთილდღეობას არ აჩვენებს. ამიტომ ეკონომისტები არიან ძიებაში, როგორ ჩაანაცვლონ მშპ ან თუ არ ჩანაცვლდება, რა იქნას მასთან ერთად გამოყენებული.


მეორე პრობლემა, რაც აქვს ჩვენს ეკონომიკას, ზრდის სტრუქტურაა. ყველაზე სწრაფად ფინანსური სექტორი იზრდება, იზრდება სასტუმროების ბიზნესი, რესტორნების ბიზნესი, სამთავრობო ხარჯები და იჯარით გაცემული ქონება. ეს ყველაფერი არის ეკონომიკური საქმიანობა და მისი ზრდა აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. თუმცა ეს არ ნიშნავს მოსახლეობის კეთილდღეობას. ამიტომ, საზოგადოებას ჰგონია, რომ მთავრობა ატყუებს, სინამდვილეში არც მთავრობა ტყუის და არც მოსახლეობა.


არსებობს მთავრობის ზოგადი ეკონომიკური პროგრამა, თუმცა ეს არის ძალიან ზოგადი და არაფრის მთქმელი დოკუმენტი. სტრატეგია იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად და რას უნდა დაეფუძნოს, არ არსებობს. ფოკუსირება ხდება მხოლოდ ერთი დარგის განვითარებაზე, ეს არის ტურიზმი,“ – ამბობს ვლადიმერ პაპავა.

“რადიო კომერსანტი”

ნათია კეკენაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.