ზაზა გაბუნია: „ინსტიტუციური დიალოგის გენერალურმა ფორუმმა მნიშვნელოვანი ინიციატივები და გეგმები წარმოშვა“

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალური ფორუმის დასკვნითი პანელი დეცენტრალიზაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებს დაეთმო. პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა, თავის გამოსვლაში, თვითმმართველობის კუთხით წლების განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა და თვითოეული ცვლილება მოქალაქეთა ჩართულობის კონტექსტში განიხილა.

მისი განცხადებით, 1998 წელს ჩატარებულმა არჩევნებმა მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით, თვითმმართველობის განვითარების მიმართ მყარი გარანტია გააჩინა. 2006 წლის ცვლილებებით კი საერთოდ გაუქმდა თვითმმართველობის ქვედა დონე, რაც მიღწეული შედეგების უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. გამომსვლელის ინფორმაციით, 2013 წლის 1 მარტის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის შესახებ სამართლებრივი აქტი გამოიცა, რამაც საფუძველი დაუდო თვითმმართველობების უფლებამოსილებების ზრდას და ახალი რეალობების დამკვიდრებას. კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, 2015 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით მნიშვნელოლვანი სიახლეები განხორციელდა და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გარანტიები შეიქმნა.

თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის უფლებებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. მან ის რამდენიმე სამართლებრივი მიდგომა ჩამოთვალა, რომლებიც მოსახლეობას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.

მისი განცხადებით, აქტიური საარჩევნო უფლების მინიჭებით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ პერიოდული მონაცვლეობით აირჩიონ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები. მეორე უფლებას წარმოადგენს რეფერენდუმებში და პლებისციტში მონაწილეობის უფლება, როდესაც მოქალაქეები ამათუ იმ საკითხზე საკუთარ აზრს გამოხატავენ. მესამე ასეთ უფლებად ზაქარია ქუცნაშვილმა კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღება დაასახელა. მისივე განცხადებით, ასევე ერთგვარ უფლებას წარმოადგენს ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრის შეცვლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც ორგანულ კანონში გაკეთებული ჩანაწერით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან გაყოფის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ნების შესაბამისად ხორციელდება.

დეცენტრალიზაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით ქალაქ ქუთაისის მაგალითზე ისაუბრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ. მისი განცხადებით, თვითმმართველობა ვალდებულია მოქალაქეებთან პირდაპირი დიალოგის წარმოებისთვის სხვადასხვა ფორმის ღია სივრცე შექმნას. ამის საშუალებას კი იძლევა როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ასევე ის დისკრეცია, რომელსაც კანონი თვითმმართველობებს ანიჭებთ. გამომსვლელმა ერთ-ერთ ასეთ სივრცეთ ელექტრონული პორტალი დაასახელა, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ იქნა შექმნილი, რაც მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის ერთგვარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა, საბა ბუაძემ მისი ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა თვითმმართველ ორგანოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მანვე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პასიური მიდგომები გამოყო და აღნიშნა, რომ მოსახლეობა სრულყოფილად არ იყენებს იმ უფლებებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ამის პასუხად კი საბა ბუაძემ პოზიტიური მაგალითების შექმნა დაასახელა და მოსახლეობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გენერალური ფორუმის აღნიშნული პანელი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავას გამოსვლით დასრულდა. მან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმში პეტიციის გზით რამდენიმე რეკრეაციულ სივრცეს სკვერის სტატუსი მიენიჭა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას მისი გასხვისების უფლებას უკრძალავს. მისივე განცხადებით, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია თვითმმართველი ორგანოების უფრო აქტიური მოქმედებები, რადგან, მისივე შეფასებით, რაც უფრო აქტიურია ადგილობრივი თვითმმართველობა, მით უფრო იზრდება მოქალაქეთა ჩართულობის როლი.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმის მუშაობა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტში საინტერესო და ნაყოფიერი დღე შედგა, სადაც მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები და გეგმები გახმოვანდა. „თვითმმართველობის შემდგომი განვითარების და რეგიონების გაძლიერების კუთხით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ. დისკუსიის ფარგლებში საინტერესო იდეები წარმოიშვა, რომლებიც დამატებით მსჯელობას და გააზრებას საჭიროებენ. დიალოგი შედგა და რაც მთავარია ვიცით რა გვინდა ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალურ ფორუმში მონაწილე მხარეებს და სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.