“ზეთი და შაქარი უკვე გაძვირდა, ყველა პროდუქტზე ფასების ზრდის მოლოდინში”

ბოლო დღეებში დოლარის კურსის მკვეთრი ზრდა, რამდენიმე პროდუქტზე ფასის მატებაში უკვე აისახა. გარდა იმისა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მძიმედ აწვება მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ბანკებიდან სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი, ტოტალური უმუშევრობისა და  გაზრდილი გადასახადების ქვეყანაში გაძვირებულ საწვავს, თამბაქოსა და პროდუქტებს,  საშუალო ფენაც ვეღარ უძლებს. 

ოზურგეთში, ჩვენი ქუჩის გამოკითხვის დროს, უმრავლესობა გვეუბნება, რომ ფასების მატება ამ ეტაპზე საგრძნობლად შაქარსა და ბურღულეულზე აისახა, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ გაძვირება ყველაფერს ეტაპობრივად შეეხება:  

ლელა პ. –რაც შეეხება დოლარის მატებას, ფასები მასიურად ჯერ არ მომატებულა, მხოლოდ შაქარზე მოიმატა ფასმა. ნელ-ნელა იმატებს ეტაპობრივად ყველაფერზე. მოდის გაძვირებული ფასებით.  შაქარზე ყველაზე უფრო, 1.70  გახდა შაქარი, 10 თეთრით მოიმატა და კიდე უფრო  მოიმატებსო.

ლუდა –დოლარზე  ვართ დამოკიდებული. აბა,  .ჩვენ ჩვენი არაფერი არ გვაქ. მოიმატა შაქარზე. საგრძნობლად მომატებული ფასები ჯერჯერობით  არაა. შემომტანი ვინცაა, ბოლო მომენტამდე იკავებენ თავს, რომ  არ გააძვირონ  და მერე  უკვე   გინდა არ გინდა მოუმატებენ. პირველადი მოხმარების პროდუქტები რაცაა, იმაზეა მომატებული- 10 თეთრით.  ზეთმა 10 თეთრით მოიმატა. თანდათან მოიმატებს ბურღულეულიც,  „მცოცავი ანექსიასავითაა”,  ნელ-ნელა, ეტაპიბრივად მოხდება ყველაფერზე ფასების მომატება.

ლ.ქ. – ყველაფერი გაძვირებული არ არი?  ხალხს ძალიან უჭირს.  მედიკამენტებიც ძაან ძვირია.

თ.ტ. – ამ ბოლო დროს, რაც დოლარმა მოიმატა, სოფლის მეურნეობის პროდუქტები პირიქით  გაიაფდა და ყოველდღე კლებულობს ფასები.  არაფერი არ გაძვირებულა. 2.50 იყო კარტოფილი და  ერთ ლარზეა  ჩამოსული,  ზოგჯერ 80 თეთრადაც კია. შაქარის  ფასის  მატება არ გამიგია, რადგან ადრე მქონდა მარაგი ნაყიდი  და არ ვიცი. ალბათ, მაგი დოლარს რომ არ უკავშირდება იმიტომაა  ასე. საერთოდ,  როცა  დოლარის   ფასი მატულობს, პროდუქტების ფასიც  იმატებს,  მაგრამ  მე ამ შეთხვევაში,  ჯერ არ მიგვრძნია.

კობა ნინიძე – შაქარმა მოიმატა საგრძნობლად, თორე  ისე ყველაფერმა მოიმატა. დოლარის  ფასის  მატებას უკავშირდება, აბა სხვა არაფერს. მომატებულია  10 თეთრით.

ინგა დოლიძე – მხოლოდ, 10 თეთრით მოიმატა შაქარმა, სხვამ არაფერმა.  შაქარი პირველადი მოხმარების პროდუქტია და  ასეთუ ისე მაინც  ყიდულობს  ხალხი, თორე, ისე სწრაფი რეალიზაცია არა  აქვს, როგორც  სხვა პროდუქტს, მაგალითად ფქვილს. 1.70 ღირს შაქარი. 1.50 იყო და ეტაპობრივად მოიმატა  და გახდა 1.70.

მზევინარი – ათი დღის წინ,  რომ იყო, ზუსტად  ის ფასებია  ახლა, იმდენად არაა მომატებული. ზოგმა  მეიკლო,  ზოგმა მეიმატა და  და  ასეა. შაქარია მომატებული ძალიან. 1. 35-თად  რომ ვყიდულობდით, 1.70-ია ახლა. ისე ყველგან სხვადასხვანაირი ფასებია.

ნანა ფუტკარაძე – კი მომატებულია  ფასები  და  არა  10 და 20 თეთრით  არამედ მეტით. ხახვი ღირდა 80 თეთრი და 2 ლარზე ავიდა.  რაის  20 და რაის 10 თეთრი.  აი, ზუსტად დოლარის მატების მერე  მოიმატა  ფასებმაც.

მ.ს. – მხოლოდ შაქარმა  და  პურის  ფქვილმა მოიმატა ფასები,  მაგრამ  პურს  არ  მოუმატია.  სხვა პროდუქტებს  ჯერ ჯერობით არა აქვს მომატებული ფასები, ძველებურადაა.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.