ზელენსკი – პუტინის საპასუხოდ: “რუსეთსა და უკრაინას საერთო მხოლოდ ერთი რამ დარჩათ – საზღვარი”

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერს ხისტად უპასუხა და განაცხადა, რომ “უკრაინას რუსეთთან საერთო მხოლოდ ერთი რამ აქვს – სახელმწიფო საზღვარი”.  

“ბევრი ვიფიქრე, კერძოდ, “ბევრ საერთოზე” უკრაინასა და რუსეთს შორის. რეალობა ასეთია: დღეს, ყირიმის ანექსიისა და დონბასზე მიმდინარე აგრესიის შემდეგ “საერთოდან” მხოლოდ ერთი დაგვრჩა – სახელმწიფო საზღვარი. “საერთოა” 2 295 კილომეტრი და 400 მეტრი. რუსეთმა უნდა დააბრუნოს უკრაინის ტერიტორიის თითოეული მილიმეტრი. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ “საერთოს” ძიებას… ნავთობის ექსპორტის აკრძალვა, ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გადასაცემად პუნქტების გახსნა და უკრაინელების ტყვეობაში დატოვება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას ხელს არ უწყობს. ასეთი ურთიერთობებისთვის “ძმურის” წოდებაც რთულია”- წერს ზელენსკი Facebook-ში ოფიციალურ გვერდზე. 

რამდენიმე დღით ადრე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “მზადაა, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭოს რუსეთის მაცხოვრებლებსა და ყველას, ვინც მზადაა, თავისუფლებისთვის იბრძოლოს”.

რუსეთის ლიდერმა ერთგვარი გაკვირვება გამოთქვა ზელენსკის სიტყვების გამო, თუმცა იდეა მოუწონა:

მართლა ასე თქვა [ზელენსკიმ]? ძალიან კარგი, ესე იგი, საერთო ბევრი გვაქვს და მოვილაპარაკებთ. რუსეთისა და უკრაინის ხალხები მხოლოდ მოიგებენ, თუ მათ ერთიანი მოქალაქეობა ექნებათ. ყოველთვის ამბობდნენ, “რუსები და უკრაინელები ძმები არიანო” – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქის პასპორტებს, პუტინმა აქ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა გაიხსენა და განაცხადა, რომ “უპრიანი არ იქნებოდა, უკრაინის მოქალაქის პასპორტი ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის დაებრუნებინათ, რომელიც უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტობის შემდეგ სამუშაოდ ჩავიდა”.

სამართლიანი იქნებოდა, სააკაშვილისთვის დარღვეული უფლებები აღედგინათ” – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.