ზვიად ძიძიგური საპრეზიდენტო კანდიდატებიდან „კონსერვატორების“ რჩეულს ასახელებს

პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორები“ მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ. ამის შესახებ ძიძიგურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საპრეზიდენტო არჩევნები თანდათან შედის გადამწყვეტ ფაზაში და ვნებათაღელვაც იმატებს. მართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ეს გადაწყვეტილება ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ მე პირადად და ჩვენი ფრაქცია „კონსერვატორები“, „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია, სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილი ჩვენი თანამებრძოლია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან და მეტიც, იყო ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან მებრძოლი ქალბატონია, რომელსაც არასდროს დაუხევია უკან არც ერთი, ყველაზე მწვავე პრობლემის წინაშეც და ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი“, – განაცხადა ძიძიგურმა..

საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში თქვა, რომ მას ვერ წარმოუდგენია „ქართული ოცნების” გარდა, სხვა პარტიამ დაუჭიროს მის კანდიდატურას მხარი. ზურაბიშვილის თქმით, არც ერთი სხვა პარტიის მხარდაჭერა მისთვის პოლიტიკურად მისაღები არ იქნება.

რაც შეეხება ზურაბიშვილის გეგმებსა და ხედვებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეუძლია ქვეყანას ორი მიმართულებით: საერთაშორისო კონტაქტები და დიპლომატიური გამოცდილების კუთხით დაეხმაროს.

„ქართული ოცნება” თავის არჩევანს 8 სექტემბრის შემდეგ გაახმოვანებს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების სრული სია იქნება უკვე ცნობილი.

31 აგვისტოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.