ზურაბიშვილი პრეზიდენტობას 40%-ით შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას 16 დეკემბერს, უფლებამოსილებების მკვეთრი შეკვეცის პარალელურად, 40%-ით შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის 5-მილიონიანი სარეზერვო ფონდი კი საერთოდ უქმდება. ასევე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობაც და 140-ის ნაცვლად 60 ადამიანი რჩება.

თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს, ხოლო მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ეს არის “მორიგი ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად”.

განცხადებები გაკეთდა პარლამენტშიც. “ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ნაწილში ბიუჯეტის ასეთი სეკვესტრი გამართლებულია კონსტიტუციით, ვინაიდან მე-5 პრეზიდენტს აქვს გაცილებით ნაკლები უფლებამოსილებები, ვიდრე ჰქონდა გიორგი მარგველაშვილს.

ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის თქმით, “პრეზიდენტისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები სრულად შეესაბამება და პროპორციულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან”.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი მთავრობისა და პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციაში შედის.

“ოცნების” დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, “მოდით, დავიწყოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციით და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, რომ გაუაზრებელი თანხები არ არსებობდეს და მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები არ მიდიოდეს ვიღაცის ხასიათიდან გამომდინარე”.

მისივე თქმით, ისეთი მეტ-ნაკლებად კონტროლს მიღმა თანხები, როგორიც სარეზერვო თანხებია, არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არამედ სამინისტროებში, მერიებსა და მთავრობაშიც თუ შემცირდება, უფრო საინტერესო პროცესს მივიღებთ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ახალარჩეულ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ, როგორც ჩანს, მარგველაშვილის ურჩობის გათვალისწინებით, ივანიშვილმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად შეზღუდოს არჩეული პრეზიდენტის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური აქტივობა.

ეს, პირველ რიგში, გამოიხატება სწორედ მისთვის ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი შეზღუდვით, ივანიშვილს სურს, რომ ახალი პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3,8 მილიონი ლარით მცირდება, სარეზერვო ფონდი კი საერთოდ უქმდება. ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე, საბოლოოდ გადამუშავებულ ვარიანტში.

როგორც პროექტში ვკითხულობთ, მომავალ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ნაცვლად 9,8 მილიონი ლარისა, 40%-ით უფრო ნაკლები, 6 მილიონი ლარით დაფინანსდება.

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, 60-მდე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა. ამ დროისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები 2019 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული არ იყო და მხოლოდ არჩევნებიდან ორ დღეში, 30 ნოემბერს აისახა, როდესაც პარლამენტში დოკუმენტის მესამედ გადამუშავებული ვარიანტი შევიდა.

ბიუჯეტის ეს ვარიანტი სესიაზე 12 დეკემბრს გადის და ახლად არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას უკვე შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს.

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტისათვის უფლებამოსილებების ჩამოწერის შემდეგ ეს უკვე მორიგი ნაბიჯია იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტს ფინანსური დამოუკიდებლობაც არ ჰქონდეს.

მისი თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ ბოლოს უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან.

“ახლაც დევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტიდან შემოსული კანონის პროექტი, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია, სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოს პარლამენტსა და მთავრობას. ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც არის კიდევ ერთხელ პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება”, – ამბობს აბაშიშვილი.

მისივე თქმით, ყველაზე უფრო შემაშფოთებელი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაა და ეს დიდ პრობლემას შეუქმნის მეხუთე პრეზიდენტს, რადგან ამ ფონდიდან სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდებოდა.

“ფონდიდან მხოლოდ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომლებიც შეეხებოდა: დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, კვალიფიკაციის ამაღლებას სახელმწიფო მოხელეების, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას, მათ შორის – მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან და ახლა სრულიად გაურკვეველია, შემდგომი პრეზიდენტი როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს”, – ამბობს აბაშიშვილი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პრეზიდენტისათვის სარეზერვო ფონდის გაუქმება და დაფინანსების შემცირება მისი თანამდებობის მეტისმეტად შევიწროებასა და პრაქტიკულად ანულირებას ნიშნავს. მისივე თქმით, სარეზერვო ფონდის გაუქმება მცდარი ნაბიჯია, თუკი ის სხვა რამით არ ჩანაცვლდება.

“არ მგონია, რომ უქმდებოდეს რაიმე შემნაცვლებლის გარეშე სწორედ იმიტომ, რომ მისი დატვირთვა ძალიან სერიოზული იყო. მაშინ ძალიან მცდარ ნაბიჯად ჩაითვლება. მით უმეტეს, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს დამოუკიდებლობისათვის, რაღაც ნაბიჯების გადადგმისათვის მატერიალური საფუძველი უნდა.

“მართლა მეტისმეტად შევიწროება და ამ თანამდებობის ანულირება გამოდის, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია და აკეთებდა კიდეც ამ ფონდის საშუალებით. ეს პოლიტიკურად წამგებიანი იქნება თვით მათ მიერ შეთავაზებული და მათ მიერ გაყვანილი პრეზიდენტის იმიჯისათვის – ეს მეორე მიზეზი. რატომღაც მეჩვენება, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია, რა ხდება ამასთან დაკავშირებით”, – ამბობს საყვარელიძე.

წყარო: resonancedaily.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.