„თამაში დამთავრებულია – ან პროპორციული არჩევნები, ან ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება”

ვაძლევთ დიალოგის საშუალებას, კიდევ აქვს ვადა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებები; წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ერთი მოთხოვნა – ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შეიძლება პროპორციული არჩევნების თემა გვიანიც იყოს და პროცესები პირადად მისთვის ძალიან მძიმედ წარიმართოს” – ასე აფასებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

“არც ბუშს უთქვამს შევრადნაძისთვის წადიო, მაგრამ არავინ დაიჯეროს რომ რამდენიმე კონგრესმენის მწვავე შეფასებები არ ნიშნავს მთელი კონგრესის პოზიციას. 435 კონგრესმენი ვერ დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას, ეს არის კონგრესის გაფრთხილება. რა იქნება შემდეგი ეტაპი, არ ვიცი, თუ იქნება სახელმწიფო მდივნის განცხადება, ეს სერიოზული გაფრთხილება იქნება ხელისუფლებისთვის. მართალია, აშშ საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა და არც ჩაერევა, ჯარებს და სპეცნაზს ნამდვილად არ შემოიყვანს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება წითელ ხაზს გადადის, იცით როგორც მთავრდება…

ივანიშვილს ორი არჩევანი აქვს – ან გამოაცხადოს პროპორციული არჩევნები, ან დატოვოს ხელისუფლება. შეინარჩუნოს ოჯახური მმართველობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ეს აღარ გამოუვა, გამორიცხულია. ამიტომ ივანიშვილი ჯერ კიდევ ვაჭრობს და ეძებს, როგორ დაალაგოს სიტუაცია. მისი ხასიათიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ პრემიერ-მინისტრად დაბრუნდეს, მაგრამ ესეც ვერ უშველის, რადგან “ოცნების” ყველა მოქმედება პოლიტიკურ ლოგიკას აღარ ექვემდებარება.

თამაში დამთავრებულია, მაგრამ ივანიშვილს ვაძლევთ დიალოგის საშუალებას; კიდევ აქვს ვადა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყოს კონსტიტუციური ცვლილებები, რაც მისთვისაც კარგი იქნება, მანდატების მიღების შანსი მაინც ექნება; წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ერთი მოთხოვნა – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება.

დაპირისპირება სახელისუფლებო და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის, რომელიც მუშტი-კრივში გადავიდა… ხელისუფლება თავად უწყობს ხელს ამ ძალადობას, რაც მას მძიმედ შემოუბრუნდება, ქართული ანდაზისა არ იყოს, “ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკის”. ოპოზიციაშიც ჰყავთ ოფოფები, “ნაციონალური მოძრაობა” რაც იყო იგივე დარჩა. რაც შეეხება შანსებს, დამოუკიდებლად ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. არჩევნებში გამოჩნდება, ვის რა შანსები აქვს; ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს “ქოცები”, დააბრუნოს “ნაცები” თუ ხმა მისცეს კუკავას,” – განაცხადა “რეზონანსთან” კახა კუკავამ.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.