თბილისის მერია დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს აჩერებს (ფოტო)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე N33 საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა. კახა კალაძემ საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ბაგა-ბაღის შენობაში თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ხარვეზები გამოავლინა. არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანსა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძეს დაავალა, სამშენებლო კომპანია „გიკოს“ წარმომადგენლებს დღესვე შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნული საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, შპს „გიკო“ დამატებით, ორი საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რის გამოც, სამუშაოები დროებით შეჩერდება.

„აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები არსებობს. უკვე დავავალე ჩემს მოადგილეს, რომ დღესვე დაიბარონ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელმაც სამუშაოები განახორციელა და შესაბამისი პასუხი მოსთხოვონ. შეუძლებელია, თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ხარისხს, რაც გვაქვს მიღებული. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე პატარებს ეხება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშენებლობებთან დაკავშირებით, ძალიან უკომპრომისო ვიქნებით და მშენებლობის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია „გიკოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ მოცულობით ექსპერტიზას ითვალისწინებს, ხარისხის ექსპერტიზა კი, მოთხოვნილი არ არის. შესაბამისად, ყველა ხელშეკრულებაში, რომელიც ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტების მიმართულებით გაფორმდება, ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.