თებერვალში ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 4.1%-ით განისაზღვრა, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის თებერვალში წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომსახურებია გაწევის დარგში. ამასთან, კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება მშენებლობის დარგში.

„დამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა ძირითადად უკავშირდება, საკვები პროდუქტებისა და სასმელების მოცულობის, ასევე ქიმიური მრეწველობის წარმოების მოცულობის ზრდას, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ მაგალითად 31%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტის მოცულობა, 36%-ით გაიზარდა მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი, 24%-ით გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.

ამასთან, დამამუშავებელ მრეწველობაზე არსებით გავლენას ახდენს მეტალურგიულ მრეწველობაში განვითარებული მოვლენები. ამ მხრივ აღსანიშნავია, ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტის 57%-იანი ზრდა.

უძრავი ქონებით ოპერაციებს რაც შეეხება, ზრდა უკავშირდება ამ დარგის საწარმოების მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნას. განსაკუთრებით აღსანიშნავია უძრავი ქონების გასაყიდად მომზადების, ასევე იჯარის გაცემასთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდა. ვაჭრობის დარგში ზრდა ძირითადად განპირობებულია ბუნებრივი აირის, ასევე ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებლის ზრდით. აღსანიშნავია, რომ 35%-ითაა გაზრდილია რეექსპორტის მაჩვენებელი.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, რაც ვაჭრობის დარგში ბრუნვის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს. რაც შეეხება მშენებლობის დარგში კლების ტენდენციას, ეს უკავშირდება სამშენებლო პროექტების მოცულობის შემცირებას, ძირითადად შენობების საერთო მშენებლობის, მაგისტრალური მილსადენების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმართულებით,”-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.