თვითნასწავლი ჯადოქარი ნიკო ფიროსმანი – ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ქართველ მხატვარზე სტატიას აქვეყნებს

ცნობილი ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ (Le Figaro) პირველ გვერდზე ნიკო ფიროსმანის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა კონტურში“.

ავტორი არლში, ვან გოგის მუზეუმში გახსნილ ფიროსმანის გამოფენაზე წერს და მკითხველს ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მოუთხრობს.

„ჩვენ ვტკბებით იმ სამყაროთი, რომელიც ხორცშესხმულია და ნაბიჯ-ნაბიჯ დაჰყვება თვითნასწავლი ჯადოქრის, ნიკო ფიროსმანის ეპოსს. მოხეტიალე, უიღბლოდ კიბის ქვეშ მდებარე სარდაფის მტვერში გარდაცვლილმა მხატვარმა მოახერხა, სამყაროსთვის მოეტაცა საკუთარი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, სოფლის ლხინი და შავებში შემოსილი ქალები, მილიარდერები და ღარიბები, მშობლიური მთები და ღამის ბუ, მოიფიქრა დანარჩენი – ჟირაფები, აქლემები და ლომები“, – ნათქვამია სტატიაში.

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა 2 მარტს გაიხსნა. მუზეუმი თავის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით ვენის ალბერტინას მუზეუმში გამართული ექსპოზიციის შემდეგ დაინტერესდა. გამოფენა, რომელზეც ფიროსმანის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი, არლში პირველ ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.

ავტორი – ლიზა ციციშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.