თურქებმა საქართველოს საზღვართან სამხედო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყეს

თურქეთის ხელისუფლებამ შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრში, ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო. თურქული მედიის ინფორმაციით, ეს შესაძლოა აზოვის ზღვაში რუსულ და უკრაინულ გემებს შორის მომხდარ ინციდენტსა და ნატოს შავ ზღვაში მოსალოდნელ გააქტიურებას უკავშირდებოდეს.

ქართველ ექსპერტთა ნაწილის აზრით, ოფიციალური ანკარა ამით ცდილობს თურქეთის, როგორც ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური მოთამაშის სტატუსს გაუსვას ხაზი.

„თურქეთი ცდილობს, რომ შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში ჰეგემონი სახელმწიფოს სტატუსი მიიღოს. თურქეთი შეეცდება, რომ ოპერატიული რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის მიერ საქართველოში შემდგომი აგრესიის გაგრძელება განხორციელდება. როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, თურქეთი საზღვაო ძალები მზად არ აღმოჩნდნენ ამაზე ოპერატიული რეაგირებისათვის,” -აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ამ თემაზე „რეზონანსთან” საუბრისას.

თურქეთს ამ დროისათვის 4 ზღვაზე საერთო ჯამში 8 სამხედრო ბაზა აქვს. რიგით მე-9 ბაზის მშენებლობა ქალაქ ტრაბზონიდან 40 კილომეტრში, სურმენეს რაიონში დაიწყო. მშენებლობის დასრულების ვადები უცნობია. თურქული გამოცემა „მილიეთის” ცნობით, ბაზაზე 400 სამხედრო და 200 სამოქალაქო მოსამსახერე იქნება განთავსებული.

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, თურქეთის ინტერესს შესაძლოა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაც წარმოადგენდეს, რადგან აფხაზეთით დაინტერესება, სხვადასხვა რესურსების კუთხით, თურქეთში საკმაოდ დიდია.

„დე ფაქტო აფხაზეთში დაახლოებით 10 ათასი თურქი მოქალაქე ცხოვრობს და თურქეთს იქიდან სერიოზული რესურსები – ქვანახშირი, ხე-ტყე, სამშენებლო ქვება და ა.შ. მიაქვს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მიმართ თურქული მხარის დაინტერესება საკმაოდ მზარდია,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.