თუ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, რომ მათ არ ესმით ამ ფორმატის მნიშვნელობა

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ თუ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ეს ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ არ ესმით ამ საერთაშორისო ფორმატის მნიშვნელობა.

”შეფასება, რომ ეს ფორმატი არაეფექტური იყო მისი ფორმატის გამო, არის უბრალოდ არასწორი და არც მიკვირს ამ მთავრობის წარმომადგენლბისგან ასეთი განცხადება. რაც შეეხება დონის აწევას, ეს რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ აქ არის საკითხი, რაც უკავშირდება სხვა მონაწილეების დამოკიდებულებას ამ თემის მიმართ. მიმაჩნია, რომ დონის აწევა ის მიმართულებაა, რომელზეც მუშაობა შეიძლება, ოღონდ ნებისმიერ ასეთ განცხადებას და მცდელობას თან უნდა ახლდეს კარგი გაანალიზება იმისა, ხომ არ გამოიწვევს ეს ფორმატის გაუქმებას, ან თუნდაც რუსეთის როლის შეცვლას ფორმატის შიგნით. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ – “ევროპული საქართველო” შეშფოთებულები, როდესაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ ერთ კონტექსტში საუბარი ასევე პირდაპირ დიალოგზე ცხინვალთან და სოხუმთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მაშინ ჟენევის ფუნქცია შემცირდება, ამიტომ მთავრობის თუ სხვა წარმომადგენლები, როდესაც საუბრობენ ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, კარგია თუ ამას გაითვლისწინებს, რომ ჟენევის დაკარგვა შეიძლება იყოს ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვის”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 მარტს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაც.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.