“თუ პრობლემა არ გვარდება, არავის სჭირდება სტატისტიკის გამოვლენა“ – სამ თვეში ქრთამის აღების ფაქტები 88.89%-ით გაიზარდა

აშინ, როცა 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამის ძირითადი სლოგანი თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობაა, ქვეყანაში კორუფცია იზრდება, დანაშაულებრივი სტატისტიკა მზარდია და კრიმინალი სულ უფრო დაუძლეველი პრობლემა ხდება.

2019 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 88.89%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის – 34, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 18 ფაქტი დაფიქსირდა.

რატომ იზრდება კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყარო – ქრთამის აღება  და რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება, ჩვენ ამ თემაზე ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელს ქეთევან ენუქიძეს ვესაუბრეთ.

ენუქიძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ შსს არ მალავს და ასაჯაროებს ქვეყანაში არსებულ რეალობას. სტატისტიკის სახით ღიად ამბობს, რომ საქართველოში დანაშაულებრივი სტატისტიკა მზარდია და მათ შორისაა კორუფციაც. ხელისუფლება დღეს სრულიად გამჭვირვალედ ავლენს სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღებ-მიცემობის ფაქტებს, მაგრამ მთავარ პრობლემას უგულებელყოფს – პრევენცია:

„დღეს რომ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა კრიმინალი, დანაშაული, კორუფცია, ამას უკვე აღარავინ მალავს. გახარიას სტრუქტურად მუდმივად ამახვილებს ამ საკითხზე პრობლემას და ეს მისასალმებელია. რატომ არ მალავენ სტატისტიკას ? – მიუხედავად იმისა, რომ  ეს პრობლემა ცალკეული უწყებების უმოქმედობაზე მიანიშნებს, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სიმართლე. თანაც ფიზიკურად ვეღარ დამალავენ, რომ ჩვენსავით ღარიბ ქვეყანაში სამოხელეო დანაშაული მაღალ აუცილებლად ნიშნულზე იქნება.  სხვა თემაა რა ღონისძიებები ტარდება ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებისთვის“.

პრევენციული ღონისძიებები რომ არ ტარდება, ენუქიძე ამაში დარწმუნებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა სხვადასხვა მიმართულებით არ დაფიქსირდებოდა. ფაქტია, პასუხისმგებელი საჯარო უწყებები თავიანთ უფლებამოსილებას ვერ ასრულებენ.

„თუ პრობლემა არ გვარდება, არავის სჭირდება სტატისტიკის გამოვლენა. პრევენციის მიზნით კი არაფერი კეთდება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება არა შსს-ს, არამედ სხვა უწყებებს (უსაფრთხოების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო …), რომლებიც, ფაქტია, არაფერ მნიშვნელოვანს არ აკეთებენ. დავუშვათ მუშაობენ ამ მიმართულებით, ფაქტია მოქალაქეები შედეგს ვერ ვხედავთ“.

გამოსავალს „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი სამი ძირითად მიდგომაში ხედავს, ესენია:

  • ეკონომიკური პოლიტიკა – (აუცილებელია ეკონომიკური ზრდა და განვითარება, რათა ეს მოსახლეობაზეც აისახოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანები დანაშაულს ნაკლებად ჩაიდენენ;
  • კორუფციული წყაროს გამოვლინება – მნიშვნელოვანია ცვლილებები მაღალ ეშელონებში. ნებისმიერი ტიპის დანაშაული ძირითადად ვლინდება ვიწრო დონეზე, დაბალ ეშელონებში. მთავარი პრობლემა კი უფრო მაღლაა და მნიშვნელოვანი თანამდებობების პირებს უკავშირდება;
  • კონკურენციის კანონის გადახედვა და ამუშავება – დღეს ეს კანონი არის უმოქმედო, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია.

სალომე ლემონჯავა

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.