იაპ დე ჰოოპ სხეფერი: რუსეთ-საქართველოს ომი ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა სატელევიზიო გადაცემა Nieuwsuur-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ნატომ საქართველოსა და უკრაინას კარი გაუღო, პუტინი მასთან პირადად მივიდა და უთხრა: „ბატონო გენერალურო მდივანო, ეს არასდროს მოხდება“.

იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი ლობირებდა, ხოლო გერმანიის კანცლერი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის კარი ღია დატოვა.

როგორც ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი წლების შემდეგ აცხადებს, მან სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის რეაქცია და მას მეტი უნდა გაეკეთებინა, რათა მხარეებს შორის ბალანსი შენარჩუნებულიყო. სხეფერის თქმით, პუტინის რადიკალიზაცია ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის უკანონო ანექსია ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია. „დასავლეთი რუსეთის წითელ ხაზებს პატივისცემით უნდა მოეკიდოს. ნატოს სწრაფმა გაფართოებამ ხელი შეუწყო პუტინის აგრესიულ პოზიციას პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – ამბობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.