ივანიშვილის აგარაკზე ხეების გადასატანად ქობულეთი-ხუცუბნის გზაზე ასწლოვანი ევკალიპტები იჩეხება

ქობულეთი-ხუცუბანის გზაზე ასწლოვანი ევკალიპტები იჩეხება. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასატანად გამზადებული ხეებია. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. ტრანსპორტირებისთვის უკვე გამზადებულია 5 ხე და ისინი სწორედ იმ გზით უნდა გადაიტანონ, სადაც ხეები იჩეხება. კომპანიის წარმომადგენლების ნაწილი, რომლებიც ხეების გაჩეხვის პროცესს აწარმოებს, მედიასთან განმარტებებს არ აკეთებს, თუმცა ნაწილი ადასტურებს, რომ ხეების გაჩეხვის ნებართვა მათ ქალაქის მერიისგან მიიღეს.

„დამავალეს და ვაკეთებ, მეტი არ ვიცი სოფლის გამგებელმა დამავალა, ანუ სახელმწიფომ მოაჭრევინა და მე გამოვართვი შეშად,“-აცხადებს ერთ-ერთი მუშა.

ევკალიპტების გაჩეხვას ოპოზიცია აპროტესტებს.

„ხელთ მაქვს ინფორმაცია, რომ ნებართვა გაცემულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, მირიან ქათამაძის მიერ, სადაც ლაპარაკია, რომ თოვლის მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. ეს ფაქტი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს, რომ მის მიერ შეძენილი ხეები უსაფრთხოდ გადაადგილდეს მის სამფლობელოში,“-აცხადებს ქობულეთის საკრებულოს ენმ-ს წევრი ლელა ბერულიძე.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ ქობულეთის მერიაში. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევკალიპტების გაჩეხვას არანაირი კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანის პროცესთან და ხეების მოჭრა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა ქობულეთი-ხუცუბანის გზის გასწვრივ მდებარე ხეების შესწავლა. გამომდინარე იქედან რომ ზამთრის სეზონი მოახლოებულია და ამ მონაკვეთზე არის ინტენსიური მოძრაობა, როგორც საავტომობილო ისე ფეხითმოსიარულეთა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მოხდეს აღნიშნული ხეების გადაბელვა,“-აცხადებს ქობულეთის მერის პირველი მოადგილე სულხან მოწყოველი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.