„ივანიშვილის რეიტინგი რომ ეცემა, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება“ – ძაბირაძე

„ზუგდიდში ძალიან მძიმე ვითარებაა, რაც მოსალოდნელიც იყო. იმედი მაქვს, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სიტუაციის გამწვავება არ დაუშვას. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რადგან არასტაბილური გარემოს შექმნა დღეს ხელს არავის აძლევს, მითუმეტეს ხელისუფლებას,” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ზუგდიდში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრისას.

“არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ზუგდიდში დაძაბული ვითარებაზე, 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე, ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვასა და სხვა მნიშვენლოვან მოვლენებზე „რეზონანსი” ანალიტიკოსს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

არასტაბილური ვითარებიდან მოგებული არავინ დარჩება – არც პოლიტიკური ძალა და არც ქვეყანა. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სტაბილური გარემო შეინარჩუნოს და შესაბამისად პრევენცია მოახდინოს, თუკი რაიმე პროვოკაცია არის დაგეგმილი, ან ხდება რაიმეს პროვოცირება. მიუხედავად ამისა, არ ველოდები, რომ გამარჯვებული პირველ ტურში გამოვლინდება.

ბოლო ორ ფაქტი გავიხსენოთ; ერთი ის, რომ რულოვსისადმი აგრესია გამოიჩინეს და მეორე კი ფარული ჩანაწერი, – რამდენად ავთენტურია ამას დამტკიცება და გამოძიება სჭირდება, ამიტომ იმის ხელაღებით თქვა, რომ ასე მოხდა და ხელისუფლება რაღაცისთვის ემზადება, – ყოველგვარი გამოძიების გარეშე ასეთი შეფასება გადაჭარბებულია.

ივანიშვილის და ხელისუფლების რეიტინგი რომ ეცემა, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება, ცხადად ჩანს ეს ისედაც. არც ის მგონია, რომ ხელისუფლება შუალედურ არჩევნებს წააგებს. უპირატესობა არის თუნდაც ის, რომ ხელისუფლებაა, თუმცა გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იქნება და საკმაოდ დიდი შრომა მოუწევთ. პირველ ტურში გამარჯვებულების გამოვლენა გართულდება.

რაც შეეხება 2020 წელს, თუკი პოლიტიკური პროცესი ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ექნება შანსი იმისა, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ 2020 წელს რაღაც წარმატებას მიაღწიოს იმასთან შედარებითაც კი, რაც საპრეზიდნეტო არჩევნების დროს იყო.”- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.